ფარული ჩანაწერები

ხუხაშვილი: ჩხატარაშვილს ჩემთან არასდროს უმუშავია

პრემიერმინისტრის მრჩეველი გია ხუხაშვილი პრეზიდენტ სააკაშვილის განცხადებას ეხმაურება. ხუხაშვილი აცხადებს, რომ როდესაც ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტი ახერხებს და ერთ წინადადებაში სამ ტყუილს ამბობს, ეს მძიმე მოსასმენია, თუმცა, ხუხაშვილის თქმით, ეს უფრო სააკაშვილის პირადი ტრაგედიაა და სახელმწიფოს უკვე ვეღარ აზიანებს. ხუხაშვილი ამტკიცებს, რომ მისი გვარი ცილისმწამებლურ კონტექსტში იყო მოხსენიებული, თუმცა, ამას მისთვის ღირსება არ შეულახავს და განმარტებას უბრალოდ ინფორმაციისთვის აკეთებს. მან აღნიშნა, რომ სააკაშვილს არ უჩივლებს.

"1. ჩხატარაშვილთან დაკავშირებით მინდა აღვნიშნო, რომ მას ჩემთან არასდროს არ უმუშავია, არ მუშაობს ამჟამად და არასოდეს იმუშავებს მომავალში.

2. რამდენადაც ჩემთვის არის ცნობილი, ჩხატარაშვილი მუშაობდა პროკურატურაში. თუ პრეზიდენტი ამბობს, რომ ეს პიროვნება ჩართული იყო შსს-ს თანამშრომლების მიერ ორგანიზებულ დანაშაულში, ეს არის მისი მხრიდან იმის აღიარება, რომ საქმე გვაქვს სისტემურ დანაშაულთან და მთელი სახელმწიფო მანქანა აწამებდა, აუპატიურებდა და ამ გზით იღებდა სასურველ აღიარებით ჩვენებებს.

3. ბიზნესის ტერორი ეს იყო მისი ხელისუფლების კიდევ ერთი სისტემური დანაშაული. მე ვამაყობ ზუსტად იმით, რომ ამ თვეებში გავაკეთე ყველაფერი სხვებთან ერთად, რათა ბიზნესი გათავისუფლებულიყო იმ კრიმინალური მეტასტაზებისგან, რომლითაც გაჟღენთილი იყო ქვეყნის ეკონომიკური ქსოვილი", - ვკითხულობთ პრემიერის მრჩევლის განცხადებაში.

გუშინ, 20 ივნისს, საქართველოს პრეზიდენტი შსს-ს მიერ ე.წ. სამეგრელოს სამალავში აღმოჩენილ წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტების ამსახველ ვიდეომასალას გამოეხმაურა.

"ორი მთავარი ფიგურა - კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის წარმომადგენელი, ვინმე ჩხატარაშვილი და კუდ-ის ფაქტობრივი უფროსი, ლევან ქარდავა, რომელიც ჩვენს მთავრობას გადმოჰყვა შევარდნაძის მთავრობიდან, სამწუხაროდ, დავტოვეთ და ძველი ცოდვები, როგორც ჩანს, ჩამოაწერეს მას ჩვენ დროსაც. დღეს ორივე თანამშრომლობს საქართველოს ახალ მთავრობასთანაც. ჩხატარაშვილი არის მარჯვენა ხელი მთავრობის მთავარი მრჩევლის და ბიზნესში მთავარი ბატონ-პატრონის, გია ხუხაშვილის. ის ერთ-ერთი მთავარი არქიტექტორია პროკურატურის მიერ განხორციელებული საქმეების, დღესდღეობით. ლევან ქარდავა არის ის ადამიანი, რომელიც პარლამენტში ჩვენი ფრაქციის წევრებს ყოველდღიურად ელაპარაკება და აიძულებს, გავიდეს ნაციონალური მოძრაობიდან და აქტიურად თანამშრომლობს დღევანდელ მთავრობასთან. ეს ორი ადამიანი იყო საუბედუროდ ბევრი უკანონობის ჩამდენი, როგორც ახლა ირკვევა. მე ამ ორ ადამიანს არ ვიცნობდი, არ ვიცოდი ვინ იყვნენ ამ ბოლო დრომდე, მაგრამ ეს არ გამორიცხავს ჩემს პასუხისმგებლობას. სიცოცხლის ბოლომდე ვინანებ, რომ ასეთი საშინელების ჩამდენი სუბიექტები გადმოვიყოლეთ წინა მთავრობიდან, მივიღეთ ჩვენს მთავრობაში და მსახურობდნენ ჩემი მთავრობის დროს. მაგრამ, მე ასევე მინდა ვუთხრა დღევანდელ მთავრობას - ამ ხალხს არც მილიონებს არ უნდა აძლევდნენ, როგორც, ჩემი ინფორმაციით, მათ უხდიან ბინძური შეკვეთების შესრულებაში, იმის სანაცვლოდ, რომ თავის მიერ ჩადენილი სიბინძურეები ბოლომდე ჩამოიწერონ და ყველაფრიდან გამოვიდნენ გამდიდრებულები", - განაცხადა სააკაშვილმა.

კომენტარები