მოსამართლეთა კონფერენცია

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნად ლევან მურუსიძე აირჩიეს

ნეტგაზეთი

მოსამართლეთა კონფერენციამ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნად უზენაესი სასამართლოს მოსამართლე ლევან მურუსიძე აირჩია.

მურუსიძე ერთადერთი კანდიდატი იყო, რომელიც ამ თანამდებობაზე იყრიდა კენჭს. კანონმდებლობის თანახმად, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანს, რომელიც საბჭოს წევრიც უნდა იყოს, არ შეიძლება იმავდროულად ეკავოს სასამართლოს თავმჯდომარის, მისი პირველი მოადგილის ან მოადგილის, კოლეგიის ან პალატის თავმჯდომარის თანამდებობა.  გასულ კვირას არჩეული საბჭოს ახალი შემადგენლობიდან ამ კრიტერიუმებს რამდენიმე მოსამართლე აკმაყოფილებდა: თამარ ალანია, გიორგი შავლიაშვილი, ილონა თოდუა, პაატა სილაგაძე და ლევან მურუსიძე. თუმცა, ლევან მურუსიძე ერთადერთი აღმოჩნდა, რომლის სასარგებლოდაც დანარჩენმა წევრებმა  საკუთარი კანდიდატურები მოხსნეს.  საბოლოო ჯამში  მურუსიძეს მხარი 205-მა მოსამართლემ დაუჭირა, რაც კონფერენციის მონაწილე წევრების (სულ 224 დამსწრე) 2/3-ზე მეტია.

"ალბათ ჩემმა კოლეგებმა ჩათვალეს, რომ ჩვენ ყველას ერთიანი მიზანი გვაქვს. ალბათ მათ მიიჩნიეს, რომ მიზნის განხორციელებას ყველაზე კარგად მე შევძლებდი. ეს ჩემთვის უდიდესი პასუხისმგებლობაა და ვეცდები მათი ნდობა გავამართლო", - განაცხადა ინტერპრესნიუსთან საუბარში მურუსიძემ.

ლევან მურუსიძე მომდევნო 4 წლის განმავლობაში უხელმძღვანელეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს.

მედიასთან საუბარში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი დროებითი კომისიის შექმნის საკითხსაც გამოეხმაურა.

"მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი კომისიის შექმნა პოლიტიკური საკითხია და პარლამენტის გადასაწყვეტია ასეთი კომისიის შექმნა. მაგრამ მე პრინციპულად მიუღებლად მიმაჩნია, რომ ამ კომისიის მუშაობის შედეგად მისი დასკვნის საფუძველზე დადგეს მოსამართლის არა თუ სისხლის სამართლებრივი, არამედ მისი დისციპლინარულ პასუხისმგებლობაში მიცემის საკითხი", - განაცხადა მურუსიძემ.

დღეს, 17 ივნისს სასტუმრო Radisson-ში მოსამართლეთა მეათე კონფერენცია მიმდინარეობს. შეგახსენებთ, რომ ზუსტად ერთი კვირის წინ, 9 ივნისს მოსამართლეთა კონფერენციამ უკვე აირჩია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრები.  დღევანდელ დღის წესრიგით კი  იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის არჩევის გარდა, მოსამართლეებმა  სადიციპლინო კოლეგიის წევრები, ადმინისტრაციული კომიტეტის თავმჯდომარე და ამ კომიტეტის 2 წევრი უნდა აირჩიონ. 

კომენტარები