მოსამართლეთა კონფერენცია

კუბლაშვილი: ვფიქრობ, იუსტიციის მინისტრი მიხვდება, რომ მოსამართლეს შეურაცხყოფა არ უნდა მიაყენოს

ტაბულა

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ, კოტე კუბლაშვილმა, ჟურნალისტებთან შეხვედრაზე, გუშინ ჩატარებული მოსამართლეთა კონფერენცია შეაფასა. მისი თქმით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ახალი შემადგენლობა სასამართლო სისტემას კიდევ უფრო გააძლიერებს.

მისივე თქმით, პროცესმა გამჭვირვალედ ჩაიარა და ნებისმიერ არასამთავრობო ორგანიზაციას ჰქონდა საშუალება, თავად შეფასებინა სხდომის მიმდინარეობა.

"მგონი ვერავინ იტყვის იმას, რომ ამ პროცესზე რამე დამალული იყო და კულუარულად ხდებოდა. კულუარულად რაც ხდებოდა მანამდე, ჯერ კიდევ განხილვის საკითხია და ამაზე უნდა იმსჯელონ, მათ შორის თავად იუსტიციის მინისტრმაც, მაგრამ თავად პროცესს რაც შეეხება, ყველაფერმა აბსოლუტური საჯაროობის პირობებში ჩაიარა", - განაცხადა კოტე კუბლაშვილმა.

იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებას იმის შესახებ, რომ მოსამართლეთა გადაწყვეტილება უცნაურია და "ყველაზე ოდიოზური ფიგურა პირველსავე ტურში უპრობლემოდ იქნა არჩეული", კუბლაშვილი შეურაცხმყოფელს უწოდებს.

"მინისტრის გამონათქვამი მე არ მომისმენია, მაგრამ ეს თუ ასეა, ეს არის ბატონი ზაზა მეიშვილის შეურაცხყოფა, რაც იუსტიციის მინისტრის მხრიდან მიუღებელი და დაუშვებელია. ვფიქრობ, იგი მიხვდება, რომ არ შეიძლება ასეთი შეურაცხყოფა მიაყენოს მოსამართლეს, რომელიც, რაც სასამართლო სისტემაში მუშაობს, გამოირჩევა წესიერებითა და პროფესიონალიზმით", - აღნიშნა კუბლაშვილმა. 

შეგახსენებთ, იუსტიციის უმაღლესი საბჭო 15 წევრისგან შედგება - უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, მოსამართლეთა კონფერენციის მიერ არჩეული 8 მოსამართლე, რომელთაგან შვიდი 2013 წლის 9 ივნისს აირჩიეს, ერთმა მოსამართლემ კი საბჭოში პოსტი შეინარჩუნა. დანარჩენ ექვს წევრს პარლამენტი ამტკიცებს

კომენტარები