მოსამართლეთა კონფერენცია

მოსამართლეთა კონფერენციამ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 7 წევრი აირჩია

facebook.com/pages/თბილისის-საქალაქო-სასამართლო

მოსამართლეთა მეათე რიგგარეშე კონფერენციამ არჩევნების შემდეგ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 7 წევრი გამოავლინა. რიგითი მოსამართლეებიდან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები პაატა სილაგაძე (149 ხმით), ლევან მურუსიძე (159 ხმით),  თამარ ალანია (129 ხმა) და ილონა თოდუა (153 ხმით) გახდნენ. კონფერენციას მათ გამოსავლენად მეორე ტურის გამართვა მოუწია, რომელშიც კენჭი მხოლოდ 9 მოსამართლემ იყარა. კოლეგიებისა და პალატების თავმჯდომარეებისთვის განკუთვნილი კვოტით იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე ზაზა მეიშვილი (168 ხმით), შოთა გეწაძე (132 ხმით) და მერაბ გაბინაშვილი (168 ხმით) გახდნენ. 

პირველ ტურში, რიგითი მოსამართლეებიდან წევრობისთვის თითოეულ კანდიდატს ხმების 2/3 სჭირდებოდა, რაც ვერცერთმა მოსამართლემ ვერ დააგროვა. მეორე ტურში კი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის მსურველ მოსამართლეს ხმების ნახევარზე მეტი უნდა მოეგროვებინა. რაც შეეხება კოლეგიებისა და პალატების თავმჯდომარეებისთვის განკუთვნილ კვოტას, პირველ ტურში მხოლოდ ზაზა მეიშვილმა დააგროვა ხმების 2/3-ზე მეტი, 168 ხმა. დანარჩენი 2 კვოტისთვის კი მეორე ტური ჩატარდა. 

იუსტიციის უმაღლესი საბჭო 15 წევრისგან შედგება - უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, მოსამართლეთა კონფერენციის მიერ არჩეული 8 მოსამართლე, რომელთაგან შვიდი 2013 წლის 9 ივნისს აირჩიეს, ერთმა მოსამართლემ კი საბჭოში პოსტი შეინარჩუნა. დანარჩენ ექვს წევრს პარლამენტი უახლოეს მომავალში დაამტკიცებს.

 

კომენტარები