პარლამენტი

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 4 წევრი აირჩიეს

parliament.ge

საქართველოს პარლამენტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მხოლოდ 4 წევრის არჩევა მოახერხა. კენჭისყრის მეორე ტურში ხმათა უმრავლესობით იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები გახდნენ - ევა გოცირიძე, ვახტანგ თორდია, გოჩა მამულაშვილი და კახაბერ სოფრომაძე.

პარლამენტს დღევანდელ პლენარულ სხდომაზე იუსტიციის უმაღლეს საბჭოში 6 წევრი უნდა დაემტკიცებინა, თუმცა, იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ ორი წევრის არჩევას ხმათა 2/3 სჭირდებოდა და ასევე იმის გამო, რომ კენჭისყრაში საპარლამენტო უმცირესობამ მონაწილეობა არ მიიღო, ორი წევრის არჩევა პარლამენტმა ვერ შეძლო.

დღესვე კენჭი უყარეს მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის წევრობის კანდიდატებს, თუმცა ბარიერი ვერც ერთმა კანდიდატმა გადალახა. ქვორუმი 76 ხმა იყო. კენჭს სამი კანდიდატი - ქეთევან ბექაური, ნინო ნიშნიანიძე და მერაბ ჩიქოვანი იყრიდნენ.

როგორც კენჭისყრის შედეგების გამოცხადების შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა განაცხადა, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის ორი ვაკანტური ადგილის დასაკავებლად კონკურსი თავიდან გამოცხადდება და მათ არჩევას ისევ ხმათა 2/3 დასჭირდება.

ასევე კონკურსი გამოცხადდება მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის წევრობისთვის.

კომენტარები