უმაღლესი განათლება

მარგველაშვილი: რექტორებთან დეტალური კონსულტაციები გავიარეთ

Reuters

გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, უმაღლესი განათლების შესახებ კანონში ცვლილებების დეტალებზე კონსულტაციები სასწავლებლების რექტორებთან, მათ შორის ალექსანდრე კვიტაშვილთან, ბოლო სამი თვის მანძილზე მიმდინარეობდა.

"საკამათო ნამდვილად არ არის ის, რომ უნივერსიტეტს უნდა ხელმძღვანელობდეს აკადემიური პერსონალი. ბატონი კვიტაშვილის გადადგომა და მერე უკან გადმოდგომა, მხოლოდ პროცესის პოლიტიზაციას ემსახურება და მეტი არაფერს. ამ პროცესის დეტალებზე საუბარი, მათ შორის ბატონ კვიტაშვილთან, მათ შორის ყველა რექტორთან, მიმდინარეობდა ბოლო სამი თვის განმავლობაში. ჩვენ გავდიოდით დეტალურ კონსულტაციებს", - აცხადებს გიორგი მარგველაშვილი.

განათლების მინისტრი და ვიცეპრემიერი კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზსაც განმარტავს:

"გამომდინარე იქიდან, რომ საპარლამენტო სესია მთავრდება და ვეღარ ვასწრებდით, სწორედ ამიტომ, იმიტომ, რომ ბევრი დრო დავხარჯეთ მოსამზადებელ სამუშაოებზე და სესიის ბოლომდე ვერ ვასწრებდით, ამიტომ არის მხოლოდ დაჩქარებული წესით შეტანილი", - აცხადებს მარგველაშვილი.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი დაკავებული თანამდებობიდან 12 ივნისს გადადგა. ალექსანდრე კვიტაშვილის განცხადებით, ეს გადაწყვეტილება უმაღლესი განათლების შესახებ კანონში ცვლილებების პროექტს უკავშირდება, რომელსაც პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს. კვიტაშვილი თსუ-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებლად რჩება.

კომენტარები