თავდაცვის სამინისტრო

ნადირაშვილი: თავდაცვის სამინისტროს ტენდერებში საეჭვო სქემები იკვეთება

news.ge

საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთი წევრის, ირმა ნადირაშვილის განცხადებით, თავდაცვის სამინისტროს ტენდერებში საეჭვო კორუფციული სქემები იკვეთება.

როგორც დღეს ქუთაისში გამართულ პრესკონფერენციაზე ნადირაშვილმა აღნიშნა, თავდაცვის სამინისტროს ტენდერში გაიმარჯვა მოქალაქე გიორგი სიმონიანის მფლობელობაში არსებულმა, შპს პროგრეს პლუსმა, რომელიც 2013 წლის 4 იანვარს დარეგისტრირდა.

ნადირაშვილის განცხადებით, ფირმამ მოიგო 70 ათასი ლარი საწმენდი და საპრიალებელი საშუალებებისთვის. 

"ამის შემდეგ, ხუთ დღეში, კიდევ ორი ტენდერი გაიმართა. პირველი - სატრანსპორტო საშუალებების ნაწილებისთვის და გამოტანილი იყო ლოტი 1 372 000 ლარი. ეს ტენდერიც მოიგო მან და კიდევ ერთი ტენდერი 238 000 ლარზე, აკუმულატორების მიწოდებაზე. სხვათა შორის, ეს ტენდერი მოუგო თეგეტა მოტორსს. საბოლოოდ, თითქმის 1 800 000 ლარზე ავიდა ეს თანხა, რომელიც თავდაცვის სამინისტროდან მიიღო ამ კომპანიამ", - განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.

ნადირაშვილის თქმით, გიორგი სიმონიანს მანამდე არანაირი ბიზნესგამოცდილება არ ჰქონია.

"გიორგი სიმონიანი არის გენერალ გია ყარყარაშვილის მძღოლი. თუ გავიხსენებთ რა ახლო ურთიერთობები აქვთ ბატონ ყარყარაშვილს და ირაკლი ალასანიას, ალბათ არავის გაკვირებას არ გამოიწვევს ეს ფაქტები და გასაგები გახდება როგორც მოახერხა სამი ლოტის მოგება. ირაკლი ალასანიამ ყარყარაშვილს პოლიტიკური მხარდაჭერისთვის მადლობა სახელმწიფო ბიუჯეტიდან გადაუხადა. ეს არის ელიტური კორუფციის ფაქტი. ჩვენ ვთვლით, რომ თავდაცვის სამინისტროში რაღაც ხდება, რადგან არ ჩატარებულა არცერთი ტენდერი, რომ სკანდალი არ მოყოლოდა", - აღნიშნა ნადირაშვილმა.

თავდაცვის სამინისტროს კვების ტენდერზე ისაუბრა საპარლამენტო უმცირესობის კიდევ ერთმა წევრმა, გივი თარგამაძემ. მისი ინფორმაციით, აღნიშნულ ტენდერში 19 და 39 მილიონლარიანი ლოტები მოიგო შპს ელექტრომონტაჟ სერვისმა.

"აქედან გამომდინარე, თუ ენერგეტიკოსები აჭმევენ ჯარს, ეს მოწამვლის ფაქტები უფრო სავარაუდო იქნებოდა იმთავითვე", - განაცხადა გივი თარგამაძემ.

თარგამაძემ თავდაცვის სამინისტროს კვების ტენდერების გაუქმების საკითხზეც გააკეთა კომენტარი. მისი თქმით, თავდაცვის სამინისტროს ირანულ კვერცხთან დაკავშირებით აფრთხილებდნენ, რომ ის შეიცავს მოწამვლის საფრთხეს. 

"თუმცა, როგორც ჩანს, მაინც გაუწია ალასანიამ ანგარიში გია ხუხაშვილს. პოლიტიკური რევერანსი გაუკეთა ამ ჯარისკაცების მოწამვლის ხარჯზე და შემდეგ ჩვენ ვნახეთ, რომ ხუხაშვილის რიტორიკა ალასანიას მიმართ შეიცვალა და საკმაოდ შერბილდა. ჩვენ გვახსოვს, როდესაც გვქონდა ლაპარაკი იმაზე, რომ ერთ-ერთი საკმაოდ მსხვილი ლოტი, 35 მილიონი ლარის, მოიგო შპს ფუდლაინ ჯორჯიამ, ქალბატონი ირინე იმერლიშვილის მეუღლის ფირმამ. ჩვენ შემდეგ ვნახეთ განცხადება, რომ ეს ტენდერი გაუქმდა და ხელახლა ჩატარდება, მაგრამ დღემდე, შესყიდვების სააგენტოს ელექტრონულ საიტზე ჩვენ გამარჯვებულად სწორედ ამ კომპანიას ვხედავთ. როგორც ჩანს, ეს არის ასეთი პოლიტიკა - სიტყვით ითქმება, რომ ეს გაუქმდა, დაწყნარდება ხალხი და ის მიიღებს მაინც თავის 35 მილიონს საბოლოო ჯამში", -განაცხადა გივი თარგამაძემ. 

კომენტარები