საქართველო - დიდი ბრიტანეთი

დევიდ მორანი: შემდეგი გაფართოება ძალიან მალე მოხდება

დევიდ მორანი საქართველოში 2013 წლის იანვარში ჩამოვიდა, როგორც გაერთიანებული სამეფოს ელჩის მოვალეობის შემსრულებელი. მას ივლისში ბრიტანეთის ახალი ელჩი ალექსანდრა ჰოლ ჰოლი შეცვლის. ტაბულასთან ინტერვიუში, ბატონი მორანი საუბრობს საქართველო-გაერთიანებული სამეფოს ურთიერთობებზე, ქვეყანაში არსებულ მდგომარეობასა და მნიშვნელოვან საერთაშორისო საკითხებზე.

უკვე რამდენიმე თვეა რაც აქ ხართ. როგორ შეაფასებდით საქართველო-გაერთიანებული სამეფოს ურთიერთობებს? რა ეტაპზეა ახალა ორმხრივი ურთიერთობები?

სიამოვნებით ვისაუბრებ ამ თემაზე. ვფიქრობ, იმ ქვეყნებიდან, სადაც მე მიმსახურია, საქართველო გამორჩეულია კულტურული ურთიერთობების დამყარებისა და, ზოგადად, კონტაქტების თვალსაზრისით, როგორც დიპლომატების, ასევე მინისტრებისთვის. ბრიტანეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობისადმი განსაკუთრებული ინტერესია. სანამ ჩამოვიდოდი, აქ ნოემბერში ვიზიტით ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი დევიდ ლიდინგტონი იმყოფებოდა. ჩამოსულები იყვნენ უმაღლესი რანგის დიპლომატები – საიმონ ფრეიზი იყო მარტში, ლორდ უოლესი წინა თვეს; ასევე, ხშირია ოფიციალური პირების ვიზიტები ბრიტანეთიდან და პირიქით, საქართველოდან ბრიტანეთში.


ძალიან ჯანსაღია კულტურული კონტაქტები. ბრიტანეთის საბჭო ძალიან აქტიურ საქმიანობას ეწევა და მნიშვნელოვან პროგრამებს ახორციელებს ხელოვნების და განათლების სფეროებში. სავაჭრო ურთიერთობები კი ის მიმართულებაა, რომელიც, ვფიქრობ, უნდა გაღრმავდეს. სავაჭრო ბრუნვა საკმაოდ დაბალია. გასულ წელს ქართული პროდუქციის ექსპორტი ბრიტანეთში მხოლოდ 20 მილიონ გირვანქა სტერლინგს აღწევდა.

ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები ერთგვარ გარდამტეხ ეტაპად განიხილებოდა ევრო-ატლანტიკურ ინსტიტუტებში საქართველოს ინტეგრაციის გზაზე. როგორ ფიქრობთ, რამდენად ზრდის საერთაშორისო დამკვირვებლების მიერ ამ არჩევნების თავისუფალ და სამართლიან არჩევნებად შეფასება საქართველოს შანსებს, მიიღოს MAP-ი 2014 წლის NATO-ს სამიტზე, რომელიც, ჰილარი კლინტონის განცხადებით, გაფართოების სამიტი უნდა იყოს?

არჩევნების პოზიტიურ შედეგებს შორის ყველაზე მნიშვნელოვანი ხელისუფლების მშვიდობიანი და დემოკრატიული გადაბარებაა, რაც ამ რეგიონისთვის ძალიან იმედისმომცემი და პოზიტიური ნაბიჯია.

არის სხვა საკითხები, რომლებზეც პარლამენტში პოლიტიკური თანამშრომლობის ნიშნები შეიმჩნევა – საგარეო პოლიტიკური ორიენტაცია, სასამართლო ხელისუფლების რეფორმა და დამოუკიდებელი მედიის განვითარება. ამ საკითხების ბოლომდე მიყვანა იმ მემკვიდრეობას შექმნის, რომელიც საქართველოს დიდ სარგებელს მოუტანს. 2014 წლის სამიტამდე კიდევ ბევრი დროა. წინ საპრეზიდენტო არჩევნებია, რაც ქვეყანას კიდევ ერთ შანსს აძლევს დაამტკიცოს, რომ ხელისუფლების გადაცემით შექმნილი საფუძველი მყარია. საბოლოო ჯამში, საქართველოს წინსვლა ქართველი ხალხისა და ხელისუფლების ხელშია.

დიდი ხანია საქართველოს მეგობრები და მისი ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების მხარდამჭერები ვართ. მხარდაჭერაში ვგულისხმობთ არა უბრალოდ მომხრეობას, არამედ სხვადასხვა სფეროში მუშაობას საქართველოსთან, დემოკრატიული განვითარებისთვის. ამ საქმეში საკუთარ თავს პარტნიორებად განვიხილავთ.

საერთაშორისო ორგანიზაციებსა და ალიანსებს რაც შეეხება, ევროკავშირი ერთგვარად გადაღლილია გაფართოებით. რას ფიქრობთ ევროკავშირის გაფართოების პერსპექტივებზე? როდის შეიძლება ეს მოხდეს?

შემდეგი გაფართოება ძალიან მალე მოხდება, ხორვატიის სახით. ამრიგად, პროცესი გრძელდება. დიდი ბრიტანეთი ყოველთვის გაფართოების მომხრე არის სხვადასხვა მიზეზის გამო – იმ სარგებლის გამო, რაც ამას ევროკავშირისთვის მოაქვს და ასევე, მოაქვს კანდიდატი ქვეყნისთვის როგორც გაწევრიანების პროცესში, ასევე გაწევრიანების შემდეგ. ეს პროცესია, რომელიც გაგრძელდება და აუცილებლად უნდა გაგრძელდეს.

ისიც არ უნდა დაგვავიწყდეს, თუ რა სარგებელი მოაქვს ევროკავშირთან ახლო ურთიერთობას სხვადასხვა მექანიზმის მეშვეობით, რომლებსაც ასპირანტ ქვეყნებს სთავაზობენ.

ასოცირების ხელშეკრულებას გულისხმობთ?

ასევე თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებას, აგრეთვე სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციაზე არსებულ მოლაპარაკებებს. ასეთი მექანიზმები საკმაოდ ფართოა და თანამშრომლობას დრო სჭირდება. თუმცა პირველი ორი ხელშეკრულების შემთხვევაში საქართველოს საკმაო წინსვლა აქვს სხვა ქვეყნებთან შედარებით. ევროკავშირთან თანამშრომლობის ამ მექანიზმებიდან რამდენიმეს მიმართულებით თანამშრომლობას რეალური და გრძელვადიანი სარგებელი მოაქვს.

მნიშვნელოვანი ხელისუფლების მშვიდობიანი და დემოკრატიული გადაბარებაა. წინ საპრეზიდენტო არჩევნებია, რაც ქვეყანას კიდევ ერთ შანსს აძლევს დაამტკიცოს, რომ ხელისუფლების გადაცემით შექმნილი საფუძველი მყარია. საბოლოო ჯამში, საქართველოს წინსვლა ქართველი ხალხისა და ხელისუფლების ხელშია.

რადგან ევროკავშირზე ვსაუბრობთ, ახლახან გარდაცვლილ თეტჩერს გავიხსენებ – მან სრულად გარდაქმნა ბრიტანეთის ეკონომიკა. ძალიან საკამათო გადაწყვეტილებებს იღებდა, ისეთებს, რომლებსაც ევროკავშირი არასდროს მოიწონებდა. ხშირად ის დიპლომატიურ ეტიკეტს არაფრად აგდებდა, მკაფიო ზღვარს ავლებდა ცუდსა და კარგს შორის და ყოველთვის ცხადად ამბობდა, რომ თავისუფალი სამყაროს მხარეს იდგა.

ახლა, როდესაც პუტინის რუსეთში ადამიანის უფლებები მასობრივად ირღვევა, პუტინი საბჭოთა კავშირის დაშლას მე-20 საუკუნის გეოპოლიტიკურ კატასტროფას უწოდებს, რა პოზიცია აქვს ბრიტანეთს პუტინის რუსეთის მიმართ? როგორ უნდა გააგებინოს საერთაშორისო თანამეგობრობამ პუტინს, რომ ყოფილი სატელიტები ახლა დამოუკიდებელი სახელმწიფოებია? საკმარისია ის ძალისხმევა, რასაც საერთაშორისო თანამეგობრობა იყენებს თუ მეტია გასაკეთებელი?

ინგლისს დიდი ხნის ურთიერთობა აქვს რუსეთთან. ამ მრავალსაუკუნოვან ორმხრივ ურთიერთობაში იყო წარმატებული და წარუმატებელი პერიოდები. ამჟამად რუსეთსა და ბრიტანეთს შორის ურთიერთობა გაუმჯობესებულია რამდენიმე წლის წინანდელთან შედარებით და ეს არა მხოლოდ მეორე მხარის ინტერესების ნაწილობრივ აღიარების შედეგად მოხდა, არამედ იმიტომაც, რომ ჩვენ ჩვენი თამასა დავწიეთ. მაგალითად, სავაჭრო ურთიერთობები ახლა ძალიან კარგ დონეზეა.

ბრიტანეთის პოლიტიკა პოსტსაბჭოთა ქვეყნების დამოუკიდებლობის მხარდაჭერისადმი ძალიან მყარია. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის თვალსაზრისით ძალიან პოზიტიური დამოკიდებულება გვაქვს. ეს პროცესი მიმდინარეობს, რომელშიც ჩართულები არიან დიპლომატები. უნდა მოიძებნოს საერთო ინტერესები.

წითელი ხაზები პრობლემა არ არის. ასეთი წითელი ხაზები ყველა ქვეყანას აქვს. დიპლომატიური ფილოსოფია და გამოცდილება მკარნახობს, რომ შეთანხმების მიღწევის მეტი საფუძველი არსებობს, ვიდრე ჩანს და შესაძლებელია, ორმხრივ ურთიერთობებში არსებული დაძაბულობის რაღაც სფეროებში განმუხტვა და უფრო ფართო საერთაშორისო ურთიერთობების წარმოება პრინციპებზე შეთანხმების და დიალოგის ხელშეწყობის გზით.

წითელი ხაზები ახსენეთ. ზოგს მიაჩნია, რომ სირიამ ყველანაირი წითელი ხაზი გადაკვეთა. რამდენად სწორად მოქმედებენ მსოფლიოს გავლენიანი ქვეყნები – მაგალითად, აშშ, ბრიტანეთი – სირიის საკითხის მოგვარებაში? საკმარისი გაკეთდა სირიელი ხალხის ხოცვა-ჟლეტის ასაცილებლად?

ვფიქრობ, ბრიტანეთმა, ამერიკამ და სხვებმა ბევრი რამ გააკეთეს სირიის პრობლემაზე მსოფლიო ყურადღების ფოკუსირებისათვის. ეს ფოკუსი ბოლო წლების განმავლობაში შენარჩუნებულია. 70,000 ადამიანამდეა მოკლული, 7 მილიონ ადამიანს შველა სჭირდება – ეს მართლაც დიდი ჰუმანიტარული კატასტროფაა და ბრიტანეთმა უკვე 100 მილიონ გირვანქა სტერლინგზე მეტი დახარჯა ჰუმანიტარულ დახმარებასა და ყველა სხვა პოლიტიკურ და დიპლომატიურ ზეწოლაზე. არა მგონია, რომ ზეწოლა არასაკმარისი იყოს ალიანსის, მათ შორის, საერთაშორისო ალიანსის მხრიდან. გაერომ თავიდანვე მკაფიოდ განაცხადა, რომ საქმე ძალიან სერიოზულ და მნიშვნელოვან კრიზისთან გვაქვს. ეს კრიზისი უკვალოდ არ ჩაივლის რეგიონის მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის. მეზობელმა სახელმწიფოებმა, და არა მარტო მეზობელმა, სერიოზული როლი უნდა ითამაშონ სირიის ხელისუფლების დარწმუნებაში, მიაღწიოს კრიზისის დიპლომატიურ და მშვიდობიან მოგვარებას.

აშშ-გაერთიანებული სამეფოს ურთიერთობები ყოველთვის განსაკუთრებული იყო. ობამას ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ზოგმა ეჭვი გამოთქვა ამ ურთიერთობების განსაკუთრებულობაზე, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც თეთრი სახლიდან ჩერჩილის ბიუსტი გაიტანეს. როგორ ფიქრობთ, ეს ურთიერთობები ადრინდელივით მყარია თუ სუსტდება?

არა მგონია, სუსტდებოდეს. აშშ-სა და ბრიტანეთს შორის ურთიერთობების ერთი მნიშვნელოვანი ასპექტი ის არის, რომ დიდი ხანია კავშირები ძალიან ინტენსიურია, ინსტიტუციურად მყარი. ჩვენ ძალიან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ ბევრ სფეროში, მათ შორის უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროებში და სირიის მიერ ქიმიური იარაღის გამოყენების შესაძლებლობის საკითხს რომ მივუბრუნდეთ, აქ ძალიან ფართო და ღრმა თანამშრომლობა გვაქვს. არ მიმაჩნია, რომ პარტნიორობა რამენაირად სუსტდება.

თქვენს შემცვლელზე რას გვეტყოდით? თქვენ ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ბრძანდებით და მალე საქართველოში გაერთიანებული სამეფოს მომავალი ელჩი ჩამოვა.

ალექსანდრა ჰოლ ჰოლი ძალიან გამოცდილი დიპლომატია და მოუთმენლად ელის საქართველოში ჩამოსვლას. იგი ივლისის მეორე ნახევარში ჩამოვა. ამჟამად ქართულს სწავლობს. მუშაობდა ვაშინგტონში, ბოგოტაში, ასევე, ბანგკოკში. ძალიან შთამბეჭდავი სამუშაო გამოცდილება აქვს.

მე მას პირადად ვიცნობ, ერთად გვიმუშავია. საქართველოს დამოუკიდებლობის შემდეგ ის ბრიტანეთის მესამე ქალი ელჩი იქნება საქართველოში.

კომენტარები