საპრეზიდენტო არჩევნები

მარგველაშვილი: არაფერს ვმალავთ და არ ვიძლევით ტყუილ დაპირებებს

ტაბულა

ქართული ოცნების საპრეზიდენტო კანდიდატი გიორგი მარგველაშვილი მიიჩნევს, რომ მომავალ არჩევნებში კონკურენციას სხვა კანდიდატები ვერ გაუწევენ - ამის შესახებ განათლების მინისტრმა და ვიცეპრემიერმა გაზეთ ყველა სიახლისთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.

"ვფიქრობ, ჩემმა ოპონენტებმა ზედმეტად თავმდაბლურად აღიქვეს ჩემი პირველი პოლიტიკური განცხადებები და შესაბამისად, ცოტა დაიბნენ ჩემი კრიტიკისას. მართალია, მიჭირს საკუთარ თავზე ლაპარაკი, მაგრამ მინდა გავახსენო ყველას, რომ 1995 წლიდან თითქმის ყველა რეალური პოლიტიკური ლიდერის მრჩეველი ვიყავი. თუ მაღიარებდნენ პოლიტიკაში ადამიანად, რომელსაც რჩევების მიცემა შეეძლო, თუმცა არ ჰქონდა პოლიტიკური ამბიციები, რატომ მიიჩნევენ დღეს, რომ პოლიტიკური გამოცდილება არ მაქვს? ამას რომ თავი დავანებოთ, მაინც ვინ არიან ჩემი კონკურენტები? არიან კი ისინი ადამიანები, რომელთაც პოლიტიკურ ასპარეზზე წარმატებას მიაღწიეს? - არა მგონია, ასე იყოს. მაინც რა პოლიტიკური ტრადიციის მქონეა ეს ხალხი? - არ ვიცი", - ამბობს გიორგი მარგველაშვილი.

მისივე თქმით, მმართველი გუნდი ახალი წესებითა და პოლიტიკური ტრადიციით მოქმედებს:

"ჩვენ მოვდივართ სრულიად ახალი პოლიტიკური წესებით, სადაც ყველაფერი ნათლად ითქმის, სადაც არ არის ინტრიგა, სადაც ხალხს ვუზიარებთ ჩვენს გეგმებს, სადაც მოსახლეობას ნათლად ვეუბნებით იმ სირთულეებისა თუ წარმატებების შესახებ, რაც გვაქვს. რომელიმე ასეთი პოლიტიკური ტრადიციის ადამიანი მიპირისპირდება დღეს მე? ვფიქრობ, რომ არა. მე უარს ვამბობ ინტრიგაზე, ინსინუაციებზე, სიყალბეზე, ეს არის გაგრძელება იმ პოლიტიკური ტრადიციისა, რომელიც დანერგა ბიძინა ივანიშვილმა. რომელიმე ასეთი პოლიტიკური ტრადიციის ადამიანი მიპირისპირდება? მოკლედ, ხელისუფლებაში სრულიად ახალი კულტურის გუნდი მოვიდა და ამ პოლიტიკური ვექტორის გაგრძელებაა ჩვენი საპრეზიდენტო კამპანიაც. არაფერს ვმალავთ და არ ვიძლევით ტყუილ დაპირებებს, არ მიგვაჩნია, რომ პოლიტიკაში ტყუილი დასაშვებია, არც ბიზანტიური ტიპის ქვეთამაშებს ვაპირებთ. ამ კონტექსტის გათვალისწინებით, ვფიქრობ, კონკურენციას ვერავინ გამიწევს", - აცხადებს მარგველაშვილი.

 

კომენტარები