ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა

ღარიბაშვილი: ეს არის აბსოლუტურად არაეფექტური და უუნარო უშიშროების საბჭო

ირაკლი ღარიბაშვილის Facebook-ის გვერდი.

"მე მიმაჩნია, რომ ეს არის არაეფექტური, ძალიან ფორმალური და ძალიან ხელოვნური შეხვედრები... დღეის მდგომარეობის ეს არის აბსოლუტურად არაეფექტური და უუნარო უშიშროების საბჭო" - აღნიშნული განცხადება  უშიშროების საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გააკეთა.  

მიუხედავად აღნიშნული განცხადებისა შინაგან საქმეთა მინისტრმა დაადასტურა, რომ თალიბების სახელით გავრცელებული ვიდეო საქართველოდან არის ატვირთული.  

"ძალიან ბევრი მითქმა-მოთქმა მოჰყვა გავრცელებულ ვიდეოს. ვიცით, რომ აიტვირთა ვიდეო, რომელიც თითქოს თალიბების მიერ იყო დამზადებული. ფორმალურად ზოგადად გამოძიების დასრულებამდე მე არ მსურს საბოლოოდ გამოვრიცხო, მაგრამ შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ ამ ვიდეოს წარმოშობას არაფერი აქვს საერთო თალიბებთან. არსებული მონაცემებით, ვიდეო ატვირთულია საქართველოდან, IP მისამართი იდენტიფიცირებულია და ადგილმდებარეობა დადგენილია. ამჟამად მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო მოქმედებები, ჩართულია მასში FBI და ასევე აქტიურად გვეხმარება ისრაელის მხარე", - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ღარიბაშვილი აღნიშნავს, რომ მისთვის მიუღებელია საპარლამენტო უმცირესობის წევრების რეპლიკები გამოძიების ნელი ტემპით მიმდინარეობასთან დაკავშირებით.  მინისტრის თქმით, უმცირესობის წევრებს ან "წარმოდგენა არ აქვთ გამოძიებაზე" ან  მათი განცხადებები პიარაზეა გათვლილი.  

"თუ არ ენდობიან FBI-სთან ერთად წარმოებულ გამოძიებას, მაშინ გამოვიდნენ და ღიად თქვან, თუ არადა ნება იბოძონ და დაელოდონ გამოძიებას და მერე გააკეთონ განცხადებები. არ არის ასე მარტივად გამოსაძიებელი ეს საქმე", - აღნიშნა ღარიბაშვილმა. 

კომენტარები