ტურიზმი საქართველოში

გიორგი სიგუა: რუსმა ტუროპერატორებმა აღნიშნეს, რომ საქართველო ყოფილა სამოთხე

გიორგი სიგუა
კადრი ვიდეოდან / INFO9

"ქართულ ტურიზმს გააჩნია სერიოზული პოტენციალი, რომ რუსეთის შესაბამის ბაზარზე მსხვილი სეგმენტი დაიკავოს", - განაცხადა საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ახლადდანიშნულმა ხელმძღვანელმა  გიორგი სიგუამ ჟურნალისტებთან საუბარში.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მოწვევით, რუსული მედიის წარმომადგენლები საქართველოში ხუთი დღეა იმყოფებიან. სააგენტოს ინფორმაციით, სტუმრებმა ტურის ფარგლებში უკვე მოინახულეს თბილისი, მცხეთა, გორი, ბორჯომი, ახალციხე და კახეთი.

სიგუა აცხადებს, რომ წლების განმავლობაში რუსეთში ანტიქართული რიტორიკა ისმოდა, რომ საქართველო იყო "ჩაბნელებული", "ჩაშავებული", "ტერორისტებით გაძეძგილი" ქვეყანა.

"არ ვიცი ეს ვის აძლევდა ხელს. ჩვენ ჩამოვიყვანეთ ათი წამყვანი მედიასაშუალების წარმომადგენელი იმისათვის, რომ მივაწოდოთ სწორი ინფორმაცია. ასევე, რამდენიმე დღის წინ ჩვენ გავაცილეთ რუსეთიდან ოცი წამყვანი ტუროპერატორი, რომლებიც გაოცებულები იყვნენ და აღნიშნეს, რომ საქართველო ყოფილა სამოთხე, ისინი ტურისტულ პაკეტებში საქართველოს ღირსშესანიშნაობებს აუცილებლად გაითვალისწინებენ", - განაცხადა სიგუამ.

გიორგი სიგუა საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელად ივლისის დასაწყისში დაინიშნა. მისი განმარტებით, ობიექტური მიზეზების გამო ის 9 წლის განმავლობაში საქართველოში არ ცხოვრობდა.  საქართველოში იგი 2012 წლის ოქტომბერში გამართული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დაბრუნდა და პარლამენტის ადგილობრივი თვითმმართველობისა და რეგიონული პოლიტიკის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი ტრიპოლსკის თანაშემწედ მუშაობდა. მანამდე იყო კოალიცია ქართული ოცნების წარმომადგენელი აშშ-ში. გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოდან გამგზავრებამდე სიგუა აქტიურად იყო ჩართული სტუდენტურ ორგანიზაციებში. 2003-2004 წლებში კი თბილისის საკრებულოში ფრაქცია ლეიბორისტების თავმჯდომარის გიორგი გუგავას თანაშემწედ მუშაობდა.

კომენტარები