ტურიზმი საქართველოში

იანვარში ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი 17%-ით გაიზარდა და $193 მილიონი შეადგინა

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის წინასწარი მონაცემებით, მიმდინარე წლის იანვარში ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა 193 მილიონი დოლარი შეადგინა. 

ეს მაჩვენებელი წინა წლის იანვრის მაჩვენებელს 17%-ით აღემატება. ტურიზმის ადმინისტრაციის ინფორმაციით, იანვარში საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობა 19,8%-ით გაიზარდა. 

რაც შეეხება უშუალოდ ტურისტულ ნაკადს, ამ მიმართულებით ზრდამ 18,9% შეადგინა. იანვარში საქართველოს 363,614 ტურისტი ეწვია. 

უწყების ინფორმაციით, უცვლელი დარჩა იმ ქვეყნების სამეული, საიდანაც ყველაზე მეტი ვიზიტორი შემოვიდა. ესენია: აზერბაიჯანი, რუსეთი, თურქეთი. იანვარში განსაკუთრებული ზრდა დაფიქსირდა ისრაელიდან, ყაზახეთიდან და საუდის არაბეთიდან. დადებითი ტენდენცია შენარჩუნდა ევროკავშირის ქვეყნებიდანაც. 

გასულ წელს საქართველოში ჩამოსული საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობამ 8 მილიონს გადააჭარბა. ამის პარალელურად გაიზარდა ტურიზმიდან მიღებული შემოსავალიც. რუსეთის მხრიდან დაწესებული ავიასანქციების მიუხედავად, ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი წლის ბოლოსთვის 47 მილიონით გაიზარდა და 3,3 მილიარდი დოლარი შეადგინა.

კომენტარები