ტურიზმი საქართველოში

თებერვალში ტურისტული ნაკადი 4%-ით გაიზარდა, 0,7%-ით შემცირდა საერთაშორისო ვიზიტები

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია თებერვლის ტურიზმის სტატისტიკას აქვეყნებს. უწყების ინფორმაციით, გასულ თვეში საქართველოს სულ 257,547 ტურისტული ვიზიტი შედგა, რაც წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 4%-ით აღემატება. 

ტურისტული ნაკადის ზრდის პარალელურად 0,7%-ით შემცირდა საერთაშორისო მოგზაურთა ვიზიტები. მონაცემების გამოქვეყნების პარალელურად ტურიზმის ადმინისტრაცია კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებულ მოსალოდნელ რისკებზე ამახვილებს ყურადღებას. 

"საერთაშორისო ობიექტური ტენდენციებიდან გამომდინარე მოსალოდნელია, რომ მარტის თვე მაღალი გამოწვევებით სავსე იქნება, როგორც საქართველოსთვის, ასევე მთელი მსოფლიოსთვის ტურიზმისა და ავიაციის ინდუსტრიაში", — ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

კლება შეინიშნება ჩინეთიდან, საიდანაც გასულ თვეში სულ 951 ვიზიტი შედგა, კლება წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით -59.5%. კლება შეინიშნებოდა ირანიდან. გასულ თვეში ირანიდან სულ 6889 ვიზიტი განხორციელდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 6%-ით ნაკლებია. 

ირანისა და ჩინეთის პარალელურად ზრდა აჩვენა იტალიიდან ტურიზმის დინამიკამ. მიმდინარე წლის თებერვალში 1346 ვიზიტი შედგა, რაც წინა წლის მაჩვენებელს 81%-ით მეტია. 

კომენტარები