უშიშროების საბჭოს სხდომა

ანდრო ბარნოვი: კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ პრემიერს, დაესწროს უშიშროების საბჭოს სხდომას

ანდრო ბარნოვი / garbonline.tv

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია, პრემიერმინისტრ ბიძინა ივანიშვილს უშიშროების საბჭოს სხდომაზე დასწრებისკენ მოუწოდებს.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა, ანდრო ბარნოვმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ პრემიერის მხრიდან იმის განცხადება, რომ უშიშროების საბჭოს სხდომაზე განსახილველი საკითხები მისთვის უინტერესოა, უკიდურესად შემაშფოთებელია.

"ძალიან სამწუხაროა პრემიერის დღევანდელი განცხადება. ეს არ არის სახელმწიფო პოზიცია. ვშიშობთ, რომ საქართველოს ინტერესებს ბიძინა ივანიშვილი განიხილავს არა როგორც პასუხისმგებლობის, არამედ პირადი ბრძოლის და პირადი ომის საკითხს. ეს კი ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან საშიშია. მოვუწოდებთ მასაც და საქართველოს მთავრობასაც, თავი დაანებონ ჭორაობას, ნუ ისარგებლებენ საზოგადოების ნდობით ბოროტად და მოიქცნენ ისე, როგორც ქვეყნის ინტერესებს შეესაბამება. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ პრემიერმინისტრს, დაესწროს უშიშროების საბჭოს სხდომას, რათა ერთობლივ ფორმატში ვიმსჯელოთ ქვეყნისთვის უაღრესად მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ", - განაცხადა ანდრო ბარნოვმა. 

შეგახსენებთ, საქართველოს პრემიერმინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ  უშიშროების საბჭოს სხდომას არ დაესწრება. ივანიშვილი აცხადებს, რომ დღის წესრიგი მისთვის საინტერესო არაა.

 

კომენტარები