საზოგადოებრივი მაუწყებელი

საზოგადოებრივი მაუწყებელი ტელეკომპანია პიკ-ის მასალებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

კადრი ტელეკომპანია ПИК-ის სიუჟეტიდან
Канал ПИК / YouTube

საზოგადოებრივი მაუწყებელი აცხადებს, რომ მათთან მხოლოდ ტელეკომპანია პიკ-ის საეთერო შეფუთვით გასული მასალა ინახება, ხოლო ყველა მასალის ორიგინალი კვლავ ინახება ტელეკომპანია პიკ-ში.

"საზოგადოებრივი მაუწყებელი აცხადებს, რომ 2012 წლის 13 ნოემბრის შეთანხმების საფუძველზე, სსიპ "საზოგადოებრივ მაუწყებელსა" და ტელეკომპანია "პიკ"-ს შორის შეწყდა ხელშეკრულება, რომლის ფარგლებშიც მაუწყებელს გადაეცა "პიკ"-ის მიერ დამზადებული და სატელევიზიო ეთერში გასული ტელეპროდუქცია, რაც არ მოიცავს მასალის ორიგინალს, რომელიც დაცული უნდა იყოს და ინახებოდეს არქივში", - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ამ საკითხზე თავის ბლოგზე წერს ტელეკომპანია პიკ-ის ყოფილი კორესპონდენტი, ამჟამად რადიო ეხო კავკაზას ჟურნალისტი თემურ კიღურაძე. ის აცხადებს, რომ ავღანელი თალიბების სახელით გავრცელებულ ვიდეოკლიპში, რომელიც ქართველი სამხედროების მიმართ მუქარას შეიცავს, ტელეკომპანია პიკ-ის საარქივო ვიდეომასალებია გამოყენებული, რომელიც ამჟამად საზოგადოებრივ მაუწყებელში ინახება.

"ვიდეოს ყურადღებით ვუყურე და აღმოვაჩინე კადრები, რომელიც ჩვენმა გადამღებმა ჯგუფმა ავღანეთში მივლინების დროს, 2010 წელს გადაიღო. ისინი ვიდეოზე 1:30-დან ჩნდება", - წერს ჟურნალისტი და ბლოგზე სიუჟეტის ორიგინალიც მოჰყავს.

"განსხვავება ისაა, რომ "ჯიჰადისტების" ვიდეოზე არ არის პიკ-ის ლოგო. ეს ნიშნავს, რომ ვიღაცას სიუჟეტის შავ მასალაზე წვდომა ჰქონდა. პიკ-ის მთელი არქივი, წესით, საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელში ინახება. ის მეც კი არ მაქვს. ისმის კითხვა - ვინ მისცა ვიდეორგოლის ავტორებს სიუჟეტის მასალები? და მეორე კითხვა - რისთვის?", - წერს ბლოგზე თემურ კიღურაძე.

კომენტარები