ახალაიას საქმე

საქალაქო სასამართლო პროკურორს ახალაიას საქმეზე სასამართლოს საქმიანობაში ჩარევაში ადანაშაულებს

facebook.com/pages/თბილისის-საქალაქო-სასამართლო

თბილისის საქალაქო სასამართლო ერთ-ერთ პროკურორს ბაჩო ახალაიას სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით სასამართლოს საქმიანობაში ირიბ ჩარევაში ადანაშაულებს.

სასამართლოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ 6 ივნისს, მთავარი პროკურატურის ერთ-ერთი პროკურორი დაუკავშირდა იმ მოსამართლის თანაშემწეს, რომელიც ახალაიას საქმეს განიხილავს.

საქალაქო სასამართლოს ცნობით, პროკურორი ახალაიას საქმეზე მოსამართლის პოზიციით დაინტერესდა. კერძოდ, მას აინტერესებდა, ხომ არ დაუფიქსირებია მოსამართლეს თავისი აზრი საქმეზე, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებათა არასაკმარისობასა და სისუსტესთან დაკავშირებით. ასევე, დაინტერესდა, თუ რამდენად კარგად ართმევდა თავს დაკისრებულ მოვალეობას პროკურორი, რომელიც საქმეზე გამოდის.

განცხადების მიხედვით, პროკურორმა, რომელიც მოსამართლის თანაშემწეს დაუკავშირდა, დაინტერესება იმით ახსნა, რომ მთავარ პროკურატურაში შევიდა ინფორმაცია, რომლის მიხედვით, ახალაიას საქმეს "უჭირდა" და საქმეზე გამომსვლელი პროკურორი იყო სუსტი.

"თბილისის საქალაქო სასამართლო განმარტავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ პროკურორის მხრიდან მოსამართლესთან კომუნიკაციის სტანდარტის დარღვევის ფაქტს ადგილი არ ჰქონია, აღნიშნული ქმედება მიჩნეულ იქნა სასამართლოს საქმიანობაში არაპირდაპირ (ირიბ) ჩარევად. სასამართლო ითვალისწინებს საზოგადოების მაღალ ინტერესს, თუმცა საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე მოუწოდებს ყველა დაინტერესებულ პირს, თავი შეიკავონ და სიფრთხილით მოეკიდონ ისეთი ქმედების განხორციელებას, რომელიც ხელს შეუშლის მართლმსაჯულების აღსრულებას", - ნათქვამია საქალაქო სასამართლოს განცხადებაში.

 

კომენტარები