უშიშროების საბჭოს სხდომა

ღარიბაშვილი: მსგავსი ტიპის შეხვედრები უნდა გაგრძელდეს მომავალში

ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ კომენტარი გააკეთეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა. 

"სამწუხაროდ, ეს ორგანო უფუნქციო იყო 7 თვის განმავლობაში. საბჭოს სხდომები იმართება პრეზიდენტის გადაწყვეტილებით და ჩვენ არაერთხელ განგვიცხადებია, რომ საჭირო იყო ამ ორგანოს ამოქმედება, რათა ქვეყნისთვის უკიდურესად მნიშვნელოვანი საკითხები, რომელიც ყოველგვარ პარტიულ კუთვნილებასა თუ პოლიტიკურ დაპირისპირებაზე მაღლა დგას, ყოფილიყო სათანადოდ მოგვარებული და დასრულებულიყო ის ეპოქა, როდესაც ჩვენ არ ვიცოდით რაზე საუბრობდა პრეზიდენტი, როცა ის უცხოეთში საქართველოს სტრატეგიულ თემებს განიხილავდა და მან არ იცოდა რა პოლიტიკას ატარებდა ახალი ხელისუფლება ყოველდღიურ ცხოვრებაში. მიუხედავად იმისა, რომ დღევანდელი სხდომის მოწვევის პერიპეტიები მთლად გამართული ვერ იყო, ჩვენ მოვედით და გვქონდა მსჯელობა რამდენიმე საკითხზე. ალბათ ორი წამყვანი მინისტრის გარეშე ამ თემებზე საუბარი მთლად სწორი არ იყო და შეიძლება რამდენიმე დღის შემდეგ შევკრებილიყავით, ჩვენ შევთავაზეთ ეს პრეზიდენტს. მოვისმინეთ ინფორმაცია, თუ კონკრეტულად რა მიმართულებით, ვისთან რა მოლაპარაკებები აწარმოა ბოლო ხანებში. და რა აქვს დაგეგმილი უახლოეს მომავალში. პრეზიდენტი წარმოადგენს ქვეყანას საერთაშორისო ურთიერთობებში და ის კვლავაც აქტიურად აპირებს საერთაშორისო ასპარეზზე ყოფნას. შევთანხმდით, რომ ამ ვიზიტების დროს აუცილებლად იქნებიან საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ადგილობრივი საელჩოების წარმომადგენლები და საჭიროების შემთხვევაში წინასწარაც მოხდება ამ საკითხების გააზრება. არ არის გამორიცხული, რომ უშიშროების საბჭო კვლავაც შეიკრიბოს. ჩვენ რადგან პასუხს ვაგებთ ქვეყნის მომავალზე, ვალდებული ვართ ვიცოდეთ, პრეზიდენტი და მისი გუნდი საერთაშორისო ასპარეზზე რა თემებით მიდის და ისინიც ვალდებულნი არიან გაითვალისწინონ, რომ ახალი მთავრობაა, ახალი პოლიტიკაა და ამ პოლიტიკის ჩარჩოებში იმოქმედონ. კონკრეტულ დეტალებზე ვერაფერს მოგახსენებთ, რადგან უშიშროების საბჭო სწორედ სახელმწიფო საიდუმლოებას მიკუთვნებულ საკითხებს განიხილავს. ცოტა გამიკვირდა, რომ დღის წესრიგი გუშინვე გასაჯაროვდა და საკითხების ჩამონათვალი ცნობილია", - განაცხადა უსუფაშვილმა. 

დღევანდელი სხდომის გამართვა შეაფასა შს მინისტრმა ღარიბაშვილმაც და აღნიშნა, რომ ამ ტიპის შეხვედრები მომავალშიც უნდა გაგრძელდეს. 

"მეც მივესალმები, ისევე როგორც ჩვენი გუნდის წევრები, იმ ფაქტს, რომ დღეს გაიმართა უშიშროების საბჭოს სხდომა. ბუნებრივია, ჩვენი სურვილი იყო, რომ ის მანამდე გამართულიყო და არაერთი. ჩვენ განვიხილეთ ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი საკითხები, როგორიცაა უსაფრთხოება. შესაბამისად, მე ვთვლი, რომ მსგავსი ტიპის შეხვედრები უნდა გაგრძელდეს მომავალში", - განაცხადა ღარიბაშვილმა. 

კომენტარები