უშიშროების საბჭოს სხდომა

ბოკერია: უშიშროების საბჭოს სხდომა საქმიანი და სასარგებლო იყო

გიგა ბოკერია
tabula.ge


საქმიანი და სასარგებლო - ასე შეაფასა გიგა ბოკერიამ უშიშროების საბჭოს 5 ივნისის სხდომა, სადაც განსახილველი საკითხები იყო ოკუპაციის ხაზის გადმოწევა, რუსეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია და არაღიარების პოლიტიკა. მისივე თქმით, სამწუხაროა, რომ შეხვედრას ბიძინა ივანიშვილი არ დაესწრო.

"შეხვედრამ ძალიან საქმიან გარემოში ჩაიარა და, ჩემი აზრით, იყო ძალიან სასარგებლო. ძალიან სამწუხაროა, რომ პრემიერმინისტრმა ვერ მოახერხა მოსვლა, განსაკუთრებით მისი გუშინდელი მოწოდებების ფონზე. თუ არ ვცდები, პრემიერი იყო ერთ-ერთი პარტიის ყრილობის გახსნაზე და განაცხადა, რომ ის ვერ შეიცვლიდა გრაფიკს, იმიტომ, რომ ეს არ იყო ისეთი მნიშვნელოვანი საკითხი, რაშიც არ ვეთანხმებით. იმედი გვაქვს, რომ მომავალში ის თავის გრაფიკთან შეათავსებს ასეთი შეკრებების დროს და ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორც არის საოკუპაციო ხაზის გადმოწევა, რომელიც ჩვენს მოქალაქეებს ეხებათ და ქმნის საფრთხეს ჩვენი სუვერენიტეტის, ისევე, როგორც არაღიარების პოლიტიკას, ასეთ საქმიან შეხვედრებში პრემიერიც მიიღებს მონაწილეობას", - აღნიშნა უშიშროების საბჭოს მდივანმა.

გიგა ბოკერიას განცხადებით, შეხვედრაზე ერთობლივ ქმედებებზეც იყო საუბარი:

"მრავალ შესაძლო ერთობლივ ქმედებაზე იყო საუბარი, უფრო მეტ დეტალებში არ შევალ, მაგრამ კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, რომ იყო საქმიანი და სასარგებლო საუბარი. იმედი გვაქვს, მომავალშიც იქნება ასეთ საკითხებზე საუბრის შესაძლებობა. ჩვენ შორის არის ფუნდამენტური განსხვავებები სხვადასხვა საკითხთან მიმართებაში. ვითარება ქვეყანაში, ჩვენი აზრით, საკმაოდ მძიმეა მრავალი მიმართულებით, მაგრამ ქვეყნის ინტერესები გულისხმობს სწორედ იმას, რომ მიუხედავად ამისა, თუ არის ერთობლივი მუშაობის შესაძლებლობა და აუცილებლობა, ეს უნდა მოხერხდეს. უშიშროების საბჭო ერთ-ერთი ასეთი ფორმატია და იმედი გვაქვს, მომავალშიც ეს მუშაობა გაგრძელდება", - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

უშიშროების საბჭოს სხდომა პრეზიდენტის რეზიდენციაში გაიმართა. შეხვედრას ესწრებოდნენ პარლამენტის თავმჯდომარე, ფინანსთა, რეინტეგრაციის და შს მინისტრები, ასევე საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრების მოადგილეები, საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი და დედაქალაქის მერი. 

შეხვედრას არ დასწრებია პრემიერმინისტრი. ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ უკანასკნელ ორ დღეში ქვეყანაში რაიმე განსაკუთრებული არ მომხდარა და ის საკუთარი დღის წესრიგის შეცვლას არ აპირებს.

კომენტარები