ეკონომიკა

ზურაბ ჯაფარიძე: საქართველოში უმუშევრობის ზრდის მაჩვენებლები საგანგაშოა

ზურაბ ჯაფარიძე
netgazeti.ge

საქართველოში უმუშევრობის ზრდის მაჩვენებლები საგანგაშოა. ამის შესახებ საპარლამენტო უმცირესობის წევრმა ზურაბ ჯაფარიძემ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) მონაცემებზე დაყრდნობით ისაუბრა.

როგორც ჯაფარიძემ აღნიშნა, ოფიციალური მონაცემები აჩვენებს, რომ 2013 წლის პირველ კვარტალში სამსახური და, შესაბამისად, შემოსავალი დაკარგა კერძო სექტორში დასაქმებულმა 42 ათასმა მოქალაქემ. პარალელურად, ქართული ბიზნესსექტორის ბრუნვა შემცირდა 22%-ით, ხოლო საქართველოში წარმოებული პროდუქციის მოცულობა - 26%-ით.

ჯაფარიძის შეფასებით, უარყოფითი ეკონომიკური ტენდენციების მთავარი მიზეზი მთავრობის ურთიერთგამომრიცხავი და არათანმიმდევრული პოლიტიკაა.

ნაციონალური მოძრაობა ხელისუფლებას ეკონომიკის გაჯანსაღების 4-პუნქტიან გეგმას სთავაზობს - მათ შორის, გადასახადების შემცირებას, როგორც ეს იყო დაგეგმილი 2012 წლის დეკემბერში მიღებულ ცვლილებებამდე; შრომის ბაზრის თავისუფლების შენარჩუნებას, ასევე, 2-წლიან მორატორიუმს ისეთ საკანონმდებლო ცვლილებებზე, რომლებიც გავლენას ახდენს ქვეყნის ფინანსურ-ეკონომიკურ გარემოზე.

საპარლამენტო უმცირესობას მიაჩნია, რომ აუცილებელია უცხოური ინვესტიციების მოზიდვა და ქვეყნის მაკროეკონომიკური პარამეტრების შენარჩუნება, ასევე, ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი შეთანხმების გაფორმების დაჩქარება და პრეზიდენტ ბარაკ ობამას მიერ აშშ-სა და საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებების დასაწყებად აღებული პოლიტიკური ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფა.

 

კომენტარები