უშიშროების საბჭოს სხდომა

ივანიშვილი უშიშროების საბჭოს სხდომაზე დასწრების აუცილებლობას ვერ ხედავს

ბიძინა ივანიშვილი
ტაბულა

ბიძინა ივანიშვილი უშიშროების საბჭოს დღევანდელ სხდომას არ ესწრება. პრემიერმინისტრის განცხადებით, უკანასკნელ დღეებში ქვეყანაში რაიმე განსაკუთრებული არ ხდება და მას არ სურს, უკვე დაგეგმილი გრაფიკი შეცვალოს:

"მარტივია ძალიან: გუშინ საღამოს 7 საათის მერე თათბირზე შემომიტანეს ეს სასწრაფო განცხადება, რომ იკრიბებიან. მე როგორც ვიცი, გუშინ და გუშინწინ ქვეყანაში არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა. თუ ბოლო მოვლენებს გავითვალისწინებთ, არაფერი სიახლე არ იყო. მე ჩემი გრაფიკი მქონდა გაწერილი და არ ჩანს აუცილებლობა, რატომ ერთ დღეში ნიშნავენ და მეორე დღეს რამდენიმე საათის წინ გაცნობებენ შეკრების შესახებ. მაშინ, როდესაც 7 თვე არ იკრიბებიან, ეს სტრუქტურა ღებულობს ხელფასებს ბიუჯეტიდან და გაუგებარია, ამდენ ხანს რატომ ვერ ახერხებდნენ შეკრებას. ჩვეული სტილია წინა ხელისუფლების, ჯერ არაფერს აკეთებენ და მერე სასწრაფოდ მოისურვეს, რამდენიმე საათის წინ შეგვატყობინეს ამის შესახებ. შესაბამისად, მე არ ვთვლი აუცილებლად, რომ დავარღვიო ჩემი გრაფიკი, მე მაქვს ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრები და მინდა, რომ გავაგრძელო. თუმცა გუნდიდან ბევრია წევრი, როგორც ვიცი, უსუფაშვილსაც აქვს საშუალება და დაესწრება. ძირითადი შეკითხვა რჩება, მრავალჯერ გავაკეთეთ მინიშნება, რომ 7 თვე გავიდა და სტრუქტურისგან არაფერი არ ჩანს, რას აკეთებს და უეცრად მყისიერად დანიშნეს, თუმცა არაფერი არ ხდება საქართველოში იმის მსგავსი, რომ შევწყვიტოთ ჩვენ ყოველგვარი მოღვაწეობა", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით პრეზიდენტმა 5 ივნისს უშიშროების საბჭოს სხდომა მოიწვია.

"სხდომა ოთხშაბათს, 5 ივნისს, პრეზიდენტის სასახლეში გაიმართება და მასზე შიდა ქართლში ოკუპაციის ხაზის გადმოწევასა და ოკუპირებულ და მიმდებარე ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებულ საკითხებზე იმსჯელებენ. განიხილება ასევე ოკუპირებული ტერიტორიების არააღიარების პოლიტიკასთან დაკავშირებული საკითხები", - ნათქვამია უშიშროების საბჭოს მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.

კომენტარები