მედია

მაუწყებლობის შესახებ კანონში შესატანი ცვლილებები პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა

parliament.ge

84-მა დეპუტატმა მაუწყებლობის შესახებ კანონში შესატანი ცვლილებები მესამე მოსმენით დაამტკიცა. ცვლილებები ძირითადად საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოსა და აჭარის ტელევიზიის ფუნქციონირების საკითხებს შეეხება.

მე-3 მოსმენით დამტკიცებული ცვლილებების თანახმად, მაუწყებლის სამეურვეო საბჭო 15-დან 9 წევრამდე შემცირდება. სამ-სამ წევრს საპარლამენტო უმრავლესობა და უმცირესობა წარადგენს, 2 წევრს - სახალხო დამცველი,  ხოლო ერთი წევრი აჭარის უმაღლესი საბჭოს წარდგენით იქნება არჩეული.

საზოგადოებრივ მაუწყებელთან მიმართებით ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ცვლილება მისი გენერალური დირექტორის უფლებამოსილების ვადის შემცირებაცაა. მას ექვსი წლის ნაცვლად სამი წლის ვადით დანიშნავენ.

ცვლილებების თანახმად, იქმნება ახალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი, რომლის დაფინანსებაც საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტიდან მოხდება. კანონში ნათქვამია, რომ ეს დაფინანსება არ უნდა იყოს მაუწყებლის ბიუჯეტის 15%-ზე ნაკლები, თუმცა აქვე აღსანიშნავია, რომ, თავის მხრივ, დაფინანსება გაეზრდება საზოგადოებრივ მაუწყებელსაც და იგი სახელმწიფოს წინა წლის მშპ-ის მინიმუმ 0.14%-ით განისაზღვრება. 

ცვლილებები ასევე ითვალისწინებს სავალდებულო ტრანზიტის ე.წ. Must carry-ისა და Must offer-ის წესების დაკანონებას. ამჟამად ეს წესები მხოლოდ საარჩევნო პერიოდშია სავალდებულო შესასრულებელი.

 

კომენტარები