ოკუპირებული ტერიტორიები

ივანიშვილი: მოთმინებით და დავალაგებთ ყველაფერს

facebook.com/OfficialBIDZINAIVANISHVILI

"მოთმინებით და დავალაგებთ ყველაფერს. რაც მთავარია, მათ, ვინც დაზარალდა და უფლებები შეეზღუდა, მაქსიმალურად დავეხმარებით, მაგრამ არ შეიძლება ემოციურად და აგრესიულად", - ასე გამოეხმაურა პრემიერმინისტრი ივანიშვილი საოკუპაციო ხაზზე მიმდინარე მოვლენებს.

ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, ქართულმა მხარემ სოფელ დიცში, შესაძლოა, სამართალდამცავების რაოდენობა გაზარდოს. პრემიერმინისტრის თქმით, საქართველოს მთავრობა ასევე მოითხოვს საერთაშორისო მონიტორების რაოდენობის გაზრდასაც და, პოლიტიკურად, ამ ეტაპზე მეტის გაკეთება საჭირო არაა:

"მთავრობის სხდომაზე ისიც კი განვიხილეთ, რომ ვითხოვთ მონიტორების რაოდენობის გაზრდას. არ გამოვრიცხავთ პოლიციელების რაოდენობის გაზრდასაც, თუ ეს არ გამოიწვევს საერთაშორისო საზოგადოების უკმაყოფილებას, მათთან შეთანხმებით. დიცში განვითარებულ მოვლენებზე ყველა ჩავაყენეთ საქმის კურსში, ყველანაირი ტიპის განცხადება გავაკეთეთ. იმედია, მონიტორების გაზრდას შევძლებთ, შეიძლება პოლიციაც დავამატოთ და გავამაგროთ ადგილობრივი მოსახლეობა. სხვა, პოლიტიკურად, ამაზე მეტის გაკეთება დღეს საჭირო არაა. დაველოდოთ, ვნახოთ, საიდან მოდის და რა დონეზეა ეს გადაწყვეტილება მიღებული", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა

კომენტარები