ოკუპირებული ტერიტორიები

ფანჯიკიძე: რუსი ჯარისკაცები 22-25 კილომეტრის სიდიდის მონაკვეთებში არიან შემოჭრილი

facebook.com/maiapanjikidzeofficial

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მაია ფანჯიკიძე, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებს ესაუბრა. მისი თქმით, განიხილება სამი ძირითადი საკითხი:

ბოლო დღეებში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ირგვლივ განვითარებული მოვლენები; გაერო-ში წარსადგენი რეზოლუცია - აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა შესახებ და ღია კარის დღე, რომელიც ხვალ საგარეო საქმეთა სამინისტროში და 10 საელჩოში მოეწყობა.

საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, მას აქვს ინფორმაცია, რომ რუსი ჯარისკაცები საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, 22-25 კილომეტრის სიდიდის მონაკვეთებში არიან შემოჭრილი.

"გვაქვს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ დაახლოებით ორმოცამდე ოჯახია დაზარალებული და ამ ინფორმაციას მივაწოდებთ უცხოელ კოლეგებს", – განაცხადა ფანჯიკიძემ.

რაც შეეხება რეზოლუციას, რომელიც 13 ივნისს გაეროს გენერალურ ასამბლეაზე გადის, ფანჯიკიძე იმედოვნებს, რომ წელს უკეთესი შედეგი იქნება, ვიდრე ეს იყო წინა წლებში.

"ეს არის ბოლო შეხვედრა ნიუ იორკში წასვლის წინ, სადაც მე ვაპირებ კიდევ ერთხელ ვთხოვო მათ მხარდაჭერა. ვნახოთ, იმედი მაქვს რომ 13 ივნისს გვექნება უკეთესი შედეგი, ვიდრე იყო წინა წლებში. ჩვენ კიდევ ერთხელ უნდა ვთხოვოთ დახმარება მათ. იმედი მაქვს, რომ 13 ივნისისთვის გაერო მიიღებს რეზოლუციას, რომელიც ოკუპაციის თემას გადაწყვეტს", - აღნიშნა ფანჯიკიძემ.

კომენტარები