ოკუპირებული რეგიონები

ზაქარეიშვილი: საოკუპაციო ჯარების უტიფარი ქცევები ყოვლად მიუღებელია

ტაბულა

სახელმწიფო მინისტრი რეინტეგრაციის საკითხებში, პაატა ზაქარეიშვილი, რუსი სამხედროების მიერ სოფელ დიცში, 24 წლის როსტომ სოსიაშვილის დაკავების ფაქტს გამოეხმაურა. როგორც ზაქარეიშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, მიმდინარეობს მოლაპარაკებები და სოსიაშვილის ბედი უახლოეს ვადებში გადაწყდება.

"პროცესში ჩართულია შსს-ს შიდა ქართლის სამხარეო სამმართველო და ევროკავშირის მონიტორინგის მისია. შიდა ქართლის სამხარეო სამმართველოს, სამწუხაროდ, ოსურ მხარესთან ურთიერთობის დიდი გამოცდილება აქვს და გააჩნია პირადი კონტაქტები. პროცესში ასევე ჩართულია ევროკავშირის მონიტორინგის მისია და მიმდინარეობს ინტენსიური მუშაობა. სოსიაშვილის ბედი უნდა გადაწყდეს საკმაოდ მალე, დაახლოებით იმავე ვადებში, როგორც სხვა უკანონოდ დაკავებულებისა", - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.

მისივე თქმით, საოკუპაციო ზონის გასწვრივ მცხოვრები მოსახლეობის პრობლემებს რეინტეგრაციის, სოფლის მეურნეობისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ერთობლივი ჯგუფი შეისწავლის, რათა ხელი შეეწყოს მოსახლეობის ადგილზე დარჩენას და მათთვის პირობების შექმნას. 

"რუსეთის საოკუპაციო ჯარების მიერ განხორციელებული უტიფარი ქცევები ყოვლად მიუღებელია. ეს არის აშკარა რეაქცია იმ სამშვიდობო პოლიტიკაზე, რასაც ახალი მთავრობა ახორციელებს. მათ სხვა გამოსავალი არ აქვთ, გარდა იმისა, რომ გამოგვიწვიონ და არარსებულ საზღვრებზე მოლაპარაკებებში ჩაგვითრიონ. ჩვენთვის მიუღებელია საკითხის ასე დაყენება, რომ საზღვარი 200-300 მეტრით გადმოსწიეს, რადგან ქვეყნის 20%-ია დაკავებული. უტიფარი ცინიზმი იმაზე, რომ საშინელება ხდება, უადგილოა. საშინელება მოხდა 2008 წლის აგვისტოში და ეს ტრაგედია გრძელდება", - აღნიშნა ზაქარეიშვილმა.

შეგახსენებთ, გორის რაიონში სოფელ დიცში რუსმა სამხედროებმა ადგილობრივი მკვიდრი, 24 წლის როსტომ სოსიაშვილი, ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით, გუშინ დააკავეს.სოსიაშვილის დაკავება ოკუპირებული ტერიტორიის პერიმეტრზე, ქართული მხარის კონტროლირებად ტერიტორიაზე მოხდა. 

კომენტარები