ოკუპირებული ტერიტორიები

აბაშიძე: საოკუპაციო ზოლზე მიმდინარე მოვლენების ორმხრივ ფორმატში გადატანა დაგვაზიანებს

Zurab Abashidze
Tabula

ზურაბ აბაშიძის განცხადებით, გრიგორი კარასინთან შეხვედრაზე საოკუპაციო ზოლზე განვითარებულ მოვლენებს გვერდს ვერ აუვლიან. საქართველოს პრემიერმინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში აცხადებს, რომ შეხვედრაზე მხარეები ამ საკითხს შეეხებიან და ის ადამიანურ პოზიციას "მთელი სიმწვავით" დააყენებს, თუმცა საგნობრივი განხილვა ვერ მოხდება, რადგან მსგავსი თემები ჟენევის ფორმატს ეკუთვნის.

"ჩვენ განვიხილავთ იმ საკითხებს, რასაც აქამდე განვიხილავდით და შევაჯამებთ დიალოგის დაწყებიდან დღემდე პერიოდს. ითქვა, რომ რა დროს პროდუქციის ექსპორტზე საუბარია. ღვინოს ჩვენ იქ საჩუქრად არ ვაგზავნით და საქეიფოდ არ მივყვებით, ეს არის ექსპორტი, რაც გააძლიერებს ჩვენს კომპანიებს და ეკონომიკას. ჩვენ ვართ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წევრები და გვაქვს საერთაშორისო ვალდებულებები, რათა პოლიტიკა და ეკონომიკა ერთმანეთში არ ავურიოთ. ჩვენ რუსეთს ვაკრიტიკებდით და დღემდე ვაკრიტიკებთ იმისთვის, რომ პოლიტიკასა და ეკონომიკას ერთმანეთში ურევს", - აცხადებს ზურაბ აბაშიძე.

პრემიერის სპეციალური წარმომადგენელი ასევე აღნიშნავს, რომ ამ საკითხის ჟენევის ფორმატიდან ორმხრივ ფორმატში გადატანა პრინციპულად დაუშვებელია:

"რუსეთისგან იქნება პასუხი, რომ ამისთვის არსებობს ჟენევა და ამაზე იქ ვისაუბროთ. ჩემი პოზიციაც ასეთია, რომ პრინციპულად არ უნდა დავუშვათ, ეს თემები ჟენევიდან ორმხრივ ფორმატში გადმოვიდეს, ამით ჩვენ დავზიანდებით", - ამბობს ზურაბ აბაშიძე.

 

კომენტარები