ოკუპირებული ტერიტორიები

ფანჯიკიძე: რუსეთის მხრიდან მეტ დადებით ნაბიჯს ველოდით

facebook.com/maiapanjikidzeofficial

"ივანიშვილი მართალია, ჩვენ ველოდით, რომ რუსეთის მხრიდან უფრო მეტი დადებითი ნაბიჯი იქნებოდა", - აცხადებს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე, რომელიც სოფელ დიცში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით პრემიერის მოსაზრებას ეხმაურება.

"ვნახოთ რა იქნება, ჩვენ გვაქვს საკმაოდ დატვირთული თვე, 5 ივნისს პრაღაში გაიმართება აბაშიძე-კარასინის შეხვედრა. 26 ივნისს კი ჟენევის მოლაპარაკებებია და ყოველივე ამის შემდეგ კიდევ უფრო გამოიკვეთება სურათი", - ამბობს ფანჯიკიძე.

პრემიერმა ივანიშვილმა პრაიმტამისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსეთთან სხვა დამოკიდებულების განვითარებას ელოდა:

"ის რაც ხდება, ძალიან არასასიამოვნო და, მართალი რომ გითხრათ, გაუგებარიცაა. მე მეგონა, სხვა დამოკიდებულება განვითარდებოდა ახალ ხელისუფლებასა და რუსეთს შორის. ჩვენ არ ვაკლებდით არაფერს სიტუაციის დასალაგებლად. ჩემთვის გაუგებარია და მაქსიმალურად ვცდილობთ გავერკვიოთ საიდან მოდის ეს ყველაფერი. ეს ძალიან სამწუხაროა, მე დასკვნების და მით უმეტეს მძიმე დასკვნების გაკეთებას არ ვაპირებ, როგორც ამას ჩვენი ოპონენტები ამბობენ, რომ ეს ჩვენი შერბილებული რიტორიკის შედეგია, ამას არ ვეთანხმები. ჩვენ გვაქვს დიპლომატიური, ნორმალური, ჯანსაღი რიტორიკა, რომელსაც არ ვფარავთ და ისევ გავაგრძელებთ", - ასე შეაფასა პრემიერმა ოკუპირებული ტერიტორიების მოსაზღვრე სოფლებთან რუსი სამხედროების მიერ ე.წ. საზღვრის 300 მეტრით გადმოწევა.

კომენტარები