ვანო მერაბიშვილის საქმე

მერაბიშვილის მხარდასაჭერად აქციები რვა რეგიონში გაიმართა

Reuters

ნაციონალური მოძრაობის ორგანიზებით, საქართველოს რვა რეგიონში, პროკურატურის შენობებთან, ვანო მერაბიშვილის მხარდამჭერი აქციები გაიმართა.

მათ შორის, აქციები გაიმართა ქუთაისში, თელავში, რუსთავში, გორსა და ბათუმში. მდუმარე აქცია ჩატარდა ზუგდიდშიც.  ორგანიზატორები და აქციის მონაწილეები მიიჩნევენ, რომ პარტიის გენერალური მდივნის დაკავება პოლიტიკური მოტივით მოხდა. დეპუტატების განცხადებით, ვანო მერაბიშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობის შეფარდების საფუძველი არ არსებობდა.

"წინასწარი პატიმრობა არ სჭირდება საქმის გამოძიებას. სამწუხაროა, რომ ხელისუფლებამ მსგავსი გადაწყვეტილება მიიღო და ამ რეალობის წინაშე ვდგავართ. ჩვენ უფრო გავაქტიურდებით, ინტენსიურად ვიმუშავებთ, რათა ქვეყანამ არ გადაუხვიოს განვითარების გზას. ვანო მერაბიშვილი და სხვა პოლიტპატიმრები, რომლებიც საქართველოში არიან, უნდა გათავისუფლდნენ", - განაცხადა საპარლამენტო უმცირესობის დეპუტატმა გიორგი ვაშაძემ, რომელიც გორში გამართულ აქციაზე იმყოფებოდა.

პროტესტის ნიშნად, საპარლამენტო უცირესობის წევრები პლენარულ სხდომას არ ესწრებიან.

ყოფილი პრემიერი და შს მინისტრი 21 მაისს დააკავეს. მას ბრალად უფლებამოსილების გადამეტება, ამომრჩევლის მოსყიდვა, საბიუჯეტო თანხების გაფლანგვა და სხვისი საკუთრების უკანონოდ მითვისება ედება. ქუთაისის საქალაქო სასამართლომ მერაბიშვილს აღკვეთის ღონისძიებად წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. სააპელაციო სასამართლომ ეს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.

კომენტარები