ოკუპირებული ტერიტორიები

პრეზიდენტი საოკუპაციო ხაზის გადმოწევაში მთავრობას არ ადანაშაულებს

საქართველოს პრეზიდენტი საოკუპაციო ხაზის გადმოწევაში მთავრობას არ ადანაშაულებს, რადგან, მისი თქმით, რუსეთი საკუთარ გეგმას მიჰყვება, ხელისუფლების რიტორიკისგან დამოუკიდებლად - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა ეროვნული თავდაცვის აკადემიაში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

"რუსეთის ხელისუფლებას არ მოსწონს საქართველოს არცერთი ლიდერი, რომელიც საქართველოს ინტერესებს დაიცავს. რუსეთისთვის სულერთია ჩვენი რიტორიკა. თუ ვაშენებთ სახელმწიფოს, რაც გინდა, ის ილაპარაკე და ეფერე - ჩემზე მეტად მათ არავინ მოფერებია, ყოველ შემთხვევაში, პირველ წლებში. მათთვის ფუნდამენტური პრობლემა ქართული სახელმწიფოა. ჩვენ არ უნდა შევასუსტოთ ანტიოკუპაციური საკანონმდებლო რეჟიმი საქართველოში. გუშინ ითქვა, რომ ოკუპაციის ხაზი გადმოსწიეს რუსებმა. მინდა ნათლად ვთქვა, რომ მე არ ვადანაშაულებ ამაში საქართველოს მთავრობას. რუსეთს აქვს თავისი გეგმა, ის არ უყურებს, რომელი განცხადება როდის გავაკეთეთ, არაფერ შუაშია, წინა კვირაში რა გააკეთა საქართველოს მთავრობამ ან მისმა რომელიმე ოფიციალურმა პირმა. მნიშვნელოვანია, რომ ამას მივხვდეთ", - განაცხადა პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ რუსეთის გეგმების პასუხად სამართლებრივი პოზიციები არ შეასუსტოს:

"სანაცვლოდ, ჩვენ სამართლებრივი პოზიციები არ უნდა შევასუსტოთ, არ შევზღუდოთ ოკუპაციის კანონი საზღვრებთან მიმართებაში, ტერმინი "ოკუპაცია" არ ამოვიღოთ ხმარებიდან, რადგან ეს არის ჩვენი იურიდიული გასაღები. თუ ვიტყვით, რომ ომში ჩვენ ვართ დამნაშავე და ტერორისტებს ვამზადებდით, მაშინ არაღიარების რეჟიმიც, რომელშიც დიდი წარმატება გვაქვს, შესუსტდება. სამართლებრივი სიტუაციის შენარჩუნება უმნიშვნელოვანესია და უნდა გვესმოდეს, რომ საქართველოს გათავისუფლება გარდაუვალია" - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

"რუსეთი, როგორც სახელმწიფო, ყოველთვის იქნება ჩვენი მეზობელი და მე ვარ პირველი მომხრე, რომ მასთან კარგი ურთიერთობები გვქონდეს. მაგრამ რუსეთი, როგორც იმპერია ჩვენს საზღვრებზე, საშიშია ქართული სახელმწიფოს არსებობისთვის", - აღნიშნა პრეზიდენტმა.

კომენტარები