ვანო მერაბიშვილის საქმე

PACE-ს თანამომხსენებლები ექსპრემიერის დაკავებასა და 17 მაისის მოვლენებს ეხმიანებიან

Zurab Chiaberashvili and Vano Merabishvili
government.gov.ge

საქართველოს საკითხებზე ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) თანამომხსენებლებმა, მაიკლ იენსენმა (დანიიდან) და ბორის ჩილევიჩმა (ლატვიიდან ) საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდეს, უზრუნველყოს ექსპრემიერის ვანო მერაბიშვილისა და ჯანდაცვის ყოფილი მინისტრის ზურაბ ჭიაბერაშვილის წინააღმდეგ სამართალწარმოების გამჭვირვალედ წარმართვა.
"მნიშვნელოვანია, რომ ამ პროცესში თავიდან იქნას აცილებული მიკერძოების ნებისმიერ აღქმა ან პოლიტიკური მოტივაცია", - ნათქვამია განცხადებაში.

იმავე განცხადებაში PACE-ს თანამომხსენებლები მკაცრად გმობენ თბილისში 17 მაისს მომხდარ ჰომოფობიურ ძალადობას. 
"ამგვარ ძალადობას და აშკარა შეუწყნარებლობას არ აქვს ადგილი დემოკრატიულ საზოგადოებაში. განსაკუთრებით ვწუხვართ, რომ ამ ძალადობაში სასულიერო პირებმა მიიღეს მონაწილეობა იმ მაღალი ავტორიტეტის ფონზე, რომლითაც საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია ქართულ საზოგადოებაში სარგებლობს", - ნათქვამია განცხადებაში.

მაიკლ იენსენი და ბორის ჩილევიჩი იმედოვნებენ, რომ საქართველოს ხელისუფლება კანონის სრული სიმკაცრით დასჯის ამ ძალადობის ყველა მონაწილეს და ამ კონტექსტში მიესალმებიან ივანიშვილის განცხადებას, რომლის თანახმად, 17 მაისის ძალადობაში დამნაშავე პირები დაუსჯელები არ დარჩებიან. 

ევროსაბჭოს ვებგვერდზე ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ PACE-ს პრეზიდენტი ჟან–კლოდ მინიონი 28-29 მაისს საქართველოს ეწვევა. 

კომენტარები