საქართველოს პრეზიდენტი

სააკაშვილი: რუსეთი უახლოეს მომავალში კავკასიიდან გავა

მიხეილ სააკაშვილი
fb.com/SaakashviliMikheil

რუსეთი პოლიტიკური, ეკონომიკური და დემოგრაფიული პრობლემების გამო კავკასიიდან უახლოეს პერიოდში გავა, განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. სააკაშვილის თქმით, ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ 2008 წლის ომში "ცამდე მართლები ვიყავით". პრეზიდენტმა დღეს სამხედრო მოსამსახურეები დააჯილდოვა.

თავის გამოსვლაში სააკაშვილმა საქართველო ამირანს შეადარა, რომლის მიჯაჭვა, პრეზიდენტის თქმით, ეკონომიკური ემბარგოთ სცადეს. თუმცა როცა არ გამოუვიდათ, შემდეგ პირდაპირ ომზე გადმოვიდნენ. 

"ბოლოს, ჯაჭვი რომ გავწყვიტეთ და ვერაფერი მოიფიქრა, პირდაპირ შეირაღებული ბრძოლა გამოგვიცხადა და მოხდა სასწაული, ომის შემდეგაც ამირანი გაიმართა წელში, წამოდგა და მთელი მსოფლიოს დასანახად დააპირა კლდიდან თავის ახსნა. დღეს, როცა მეციხოვნეს ბერკეტებიც აღარ აქვს ამირანის შეჩერების, როცა ჩვენი მეციხოვნე, რუსეთის იმპერია ბევრი დემოგრაფიული, ეკონომიკური, პოლიტიკური ფაქტორების გამო უახლოეს წლებში, დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვები, წავა კავკასიიდან და არ ეცხელება საქართველოსთვის, ახლა არ არის დრო, რომ ამირანი დაიღალოს და თქვას, ჯანდაბას, ისევ მეციხოვნესთან ვიქნები, ისევ ჯაჭვებს გავიკეთებ, ისევ ამ კლდეზე ვიქნები მიჯაჭვული და ამის სიმპტომები ჩანს. ამიტომ ჩვენ, როგორც არასდროს, უნდა გვესმოდეს, რომ 2008 წლის ომში ჩვენ ვიყავით ცამდე მართალი", - აღნიშნა პრეზიდენტმა.

სააკაშვილმა გამოსვლაში ავღანეთში მისი ვიზიტის შესახებაც ისაუბრა. მისი თქმით, რომ არა ქართველების ეფექტური მოქმედება, 13 მაისს ბევრად მეტი სამხედრო დაიღუპებოდა. 

"გუშინ, ჩვენი კონტინგენტის მეთაური მიყვებოდა იმაზე, ჩვენს წინა ჩასვლაზე ავღანეთში როგორ ესროლეს ჩვენს ვეტმფრენს, რომლითაც ჩვენ ჩავედით და როგორ ესროდნენ ყუმბარმტყორცნები იმ ბაზას, სადაც ჩვენ ვიყავით. ეს დეტალები მე არ ვიცოდი. გუშინაც, იქ რომ ვიყავით, იქ პატრულირებაზე მყოფი მანქანა ჩემი გამოსვლის პარალელურად აფეთქდა ნაღმზე და კიდევ კარგი, არავის არაფერი მოუვიდა. ამას იმიტომ ვყვები, რომ ეს არის ყოველდღიური საფრთხე ჩვენი ჯარისკაცების. ისინი ძალიან მაგრად დგანან. არაფერი უფრო რთული არ არის პრეზიდენტისთვის, ვიდრე ჯარისკაცების გაშვება და სიცოცხლის ასეთ საფრთხეში ჩაგდება, მაგრამ, საქართველოსთვის ეს არის გადამწყვეტი", - განაცხადა სააკაშვილმა.

 

 

კომენტარები