ოკუპირებული რეგიონები

შსს რუსი მესაზღვრეების უკანონო ქმედებას ეხმაურება

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, სოფელ დიცის მიმდებარე ტერიტორიაზე ე.წ. საზღვრის გადმოწევის ფაქტს ეხმაურება.

შსს-ს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის წარმომადგენლის კახაბერ ქემოკლიძის ცნობით, რუსი მესაზღვრეების მიერ ტერიტორიაზე მავთულხლართების გავლება უკანონო ქმედებას წარმოადგენს და უწყება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ საქმის კურსში საერთაშორისო თანამეგობრობა ჩააყენოს.

"შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს სოფელ დიცის მიმდებარე ტერიტორიაზე მავთულხლართების ინსტალაციის ფაქტს რუსი მესაზღვრეების მხრიდან. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სამინისტროს პოზიცია არის ის, რომ ეს არის ყოვლად უკანონო ქმედება რუსი მესაზღვრეების მხრიდან. ამ პრობლემასთან დაკავშირებით სამინისტრო აუცილებლად დააყენებს საკითხს 31 მაისის, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების ჯგუფის შეხვედრებზე. ივნისის ბოლოს არის ჩანიშნული ჟენევის დისკუსიები და აღნიშნულ პრობლემასთან დაკავშირებით აუცილებლად ვისაუბრებთ ჟენევის დისკუსიების ფორმატის ფარგლებშიც", - აცხადებს კახაბერ ქემოკლიძე.

შეგახსენებთ, რუსმა სამხედროებმა ოკუპირებული ტერიტორიის მოსაზღვრედ მდებარე სოფლებთან, დიცთან და დვანთან, ე.წ. საზღვარი გადმოწიეს. სააგენტო ინტერპრესნიუსის ინფორმაციით, რუსმა ჯარისკაცებმა დიცთან სასაზღვრო ნაგებობების დამონტაჟება დაიწყეს. 

კომენტარები