განცხადება

რუსთავი 2: სასამართლოსგან მივიღეთ დაუსაბუთებელი უარი

რუსთავი 2 სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ სასამართლომ დაუსაბუთებელი და უკანონო უარი უთხრა ივანე მერაბიშვილისა და ზურაბ ჭიაბერაშვილის აღკვეთის ღონისძიების განმხილველი სასამართლო სხდომის ტრანსლაციის თაობაზე. რუსთავი 2 საერთო სასამართლოების შესახებ ორგანულ კანონში ბოლო დროს შესულ ცვლილებებს ეყრდნობა და აცხადებს, რომ ამ ცვლილებების თანახმად, საზოგადოებრივი მაუწყებელი უფლებამოსილია შეუზღუდავად განახორციელოს სასამართო პროცესის ტრანსლაცია. იმ შემთხვევაში, თუ საზოგადოებრივი არხი ამ უფლებას არ გამოიყენებს, მაშინ ეს უფლება ენიჭება საერთო მაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელ სხვა პირს, რომელიც სასამართლო სხდომის დაწყების წინ მოსამართლეს წერილობით მიმართავს.

"მოცემულ შემთხვევაში, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა უარი თქვა სხდომის ტრანსლაციაზე და რუსთავი 2-მა, როგორც საერთო მაუწყებლობის ლიცენზიის მქონე პირმა, გამოიყენა ეს შესაძლებლობა და საზოგადოებრივი მაუწყებლის თანხმობითა და ტექნიკური საშუალებების გამოყენებით გეგმავდა პირდაპირი ტრანსლაციის განხორციელებას და მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის დაკმაყოფილებას, რის თაობაზეც კანონით დადგენილი წესით წერილობით ვაცნობეთ სასამართლოს. ასევე აღსანიშნავია ის გარემოება, რომ რუსთავი 2 ერთადერთი მაუწყებელია, რომელმაც ამ თხოვნით მიმართა სასამართლოს", - აღნიშნულია განცხადებაში.

მოგვიანებით, რუსთავი 2-ის განცხადებას უზენაესი სასამართლო გამოეხმაურა. საზოგადოებასთან ურთიერთობის ბიუროს უფროსის მოადგილემ, ნანა ვასაძემ განაცხადა, რომ კანონის შესაბამისად, საზოგადოებრივი მაუწყებელი სასამართლო პროცესს თავიდან ბოლომდე იღებს.

"საზოგადოებრივი მაუწყებელი სასამართლო პროცესის პირდაპირ ტრანსლაციას არ ახორციელებს, რადგან ვენეციის კომისიის დასკვნის თანახმად, კანონიდან პირდაპირი ტრანსლაციის უფლება ამოღებულია. საზოგადოებრივი მაუწყებელი გამოიტანს კადრებს და დაურიგებს სხვა მაუწყებლებს", - განაცხადა ნანა ვასაძემ.

კომენტარები