მერაბიშვილის და ჭიაბერაშვილის საქმე

პრემიერი ქეთრინ ეშტონისა და შტეფან ფულეს ერთობლივ განცხადებას ეხმაურება

fb.com/OfficialBIDZINAIVANISHVILI

საქართველოს პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილი, ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში უმაღლესი წარმომადგენლის, ქეთრინ ეშტონისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისრის, შტეფან ფულეს ერთობლივ განცხადებას გამოეხმაურა.

"ჩვენთვის მნიშვნელოვანია ევროკავშირის მაღალი რანგის წარმომადგენელთა დაინტერესება და ყურადღება საქართველოში მიმდინარე პროცესების მიმართ. დარწმუნებული ვარ, შესაბამისი სახელმწიფო ორგანოები ყველა ზომას მიმართავენ, რათა თითოეულ საქმეზე პროცესი საერთაშორისო სტანდარტებითა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პროცედურების სრული დაცვით წარიმართოს.

ჩვენ გამოვრიცხავთ მიმდინარე სამართლებრივ პროცესებზე პოლიტიკური ასპექტების გავლენას რაიმე ფორმით. 

კიდევ ერთხელ მივესალმები საერთაშორისო საზოგადოებისა და ევროკავშირის განსაკუთრებულ დაინტერესებას. მჯერა, თქვენი ასეთი ყურადღება მხოლოდ დაეხმარება საქართველოს მთავრობას პროცესების სამართლებრივად გამართულად და სამართლიანად წარმართვაში", - აღნიშნულია პრემიერის განცხადებაში.

შეგახსენებთ, ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში უმაღლესმა წარმომადგენელმა, ქეთრინ ეშტონმა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარმა, შტეფან ფულემ, ვანო მერაბიშვილისა და ზურაბ ჭიაბერაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით, ერთობლივი განცხადება გაავრცელეს. 

კომენტარები