17 მაისის აქცია

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია 17 მაისის მოვლენების გაშუქებას ეხმაურება

qartia.org.ge

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია, 17 მაისის მოვლენების ქართული ტელევიზიების მიერ გაშუქებას გამოეხმაურა. აღნიშნულთან დაკავშირებით ქარტიამ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ განვითარებული მოვლენები სატელევიზიო არხებმა ადეკვატურად გააშუქეს და მაყურებელს "მეტ-ნაკლებად შეეძლო ენახა აქციისა და მომხდარი დაპირისპირების ამსახველი კადრები, მოესმინა კომენტარები და შეფასებები".

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ტელეკომპანიების მხრიდან იყო მცდელობა, სიძულვილის ენის შემცველი კომენტარები ეთერში არ მოხვედრილიყო, თუმცა ეს ყოველთვის არ ხერხდებოდა. 

განცხადებაში ყურადღება გამახვილებულია სხვადასხვა ხარვეზებზე. ჟურნალისტური ეთიკის ქარტია აცხადებს, რომ საინფორმაციო გამოშვებების მთავარი პრობლემა ტერმინების არასწორი გამოყენება იყო, "რაც საბოლოო ჯამში მაყურებლის შეცდომაში შეყვანას გამოიწვევდა".

"მედიის მიერ არასწორი ტერმინოლოგიის გამოყენების გამო, მაყურებელს გაუჭირდებოდა იდენტიფიცირება, კონკრეტულად რას ემსახურებოდა 17 მაისს პარლამენტის წინ დაგეგმილი აქცია, რომელიც ვერ შედგა და რა სხვაობა იყო გეი აღლუმსა და ჰომოფობია/ტრანსფობიის წინააღმდეგ პროტესტს შორის. დღის განმავლობაში ჩართვებისას ჟურნალისტები იმეორებდნენ, რომ მართლმადიდებლური მრევლის წარმომადგენლები სექსუალური უმცირესობების წარმომადგენლებს დაუპირისპირდნენ. იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ აქციაში მხოლოდ სექსუალური უმცირესობის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ", - ნათქვამია განცხადებაში.

განცხადებაში სხვა პრობლემებზეც არის საუბარი: ფაქტების სიზუსტე, შეფასებების დაუბალანსებლობა და ძალადობის მსხვერპლთა იდენტიფიცირების შესაძლებლობა.

"ადგილი ჰქონდა არაზუსტი და გადაუმოწმებელი ინფორმაციის ტირაჟირებასაც, მეცხრე არხის 13:00-საათიან გამოშვებაში წამყვანმა განაცხადა, რომ აქციაზე სიტუაცია დაიძაბა და პოლიცია იძულებული გახდა ცრემლსადენი გაზი გამოეყენებინა. მოგვიანებით, ჯერ შუადღის ერთ-ერთმა წამყვანმა, შალვა რამიშვილმა უარყო ეს ინფორმაცია, ხოლო შემდეგ კვლავ საინფორმაციოს წამყვანმა 14:00-საათიან გამოშვებაში, მობოდიშების გარეშე განაცხადა, რომ გავრცელებული ინფორმააცია ცრემლსადენი გაზის გამოყენების შესახებ არ დადასტურდა. გადაუმოწმებელი ინფორმაციების გადაცემით მეცხრე არხმა ვერ უზრუნველყო მაუწყებელთა ქცევის კოდექსით გათვალისწინებული ჯეროვანი სიზუსტის დაცვის პრინციპის დაცვა".

"მოამბემ ყველა გამოშვებაში გაუშვა საზოგადოებისთვის ცნობილი მსახიობის გივი სიხარულიძის კომენტარი, სადაც ის სექსუალური უმცირესობის წარმომადგენლებს, შეურაცხმყოფელი, შეუსაბამო ტერმინით მოიხსენიებდა. ეს კომენტარი მოამბის მთავარ გამოშვებაშიც მოხვდა (20 სთ 19წთ-ზე). ვფიქრობთ, საზოგადოებრივი მაუწყებელი ყველაზე მეტადაა ვალდებული, არ დაუშვას მსგავსი გამოთქმების ტირაჟირება საკუთარი ეთერით".

"17 მაისს ეთერში გასულ რეპორტაჟებში შესაძლებელი იყო ჰომოფობიის წინააღმდეგ დაგეგმილი აქციის მონაწილეთა იდენტიფიცირებაც, რომლებიც, რეპორტაჟების მიხედვით, პუშკინის სკვერში შეიკრიბნენ. ასევე რამდენიმე რეპორტაჟში, აჩვენეს ერთ-ერთი გოგონა, რომელიც აქციის მონაწილეთა თავდასხმის ობიექტი გახდა, რადგან მას ჰომოფობიის წინააღმდეგ მიმართული პლაკატები ეჭირა ხელში. კადრებში ჩანდა, რომ გოგონა სახის დაფარვას ცდილობდა, თუმცა შეხლა-შემოხლაში საფარი მოძვრა და კადრის არგადაფარვის გამო, მისი სურვილის მიუხედავად, მისი იდენტიფიცირებაც შესაძლებელი გახდა. მაგალითად, რუსთავი 2-ის ერთ-ერთ სპეცგამოშვებაში ჟურნალისტები მიუთითებდნენ ლგბტ პირების თავშეყრის და მარშრუტის შესახებ, რომლის გარკვევასაც, სხვა ჟურნალისტების დაკვირვებით, სასულიერო პირები და მათი მიმდევრები აქციის დროს გამუდმებით ცდილობდნენ".

"ზემოთ ნახსენები ხარვეზების მიუხედავად, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მიიჩნევს, რომ ტელეკომპანიებმა: საზოგადოებრივი მაუწყებელი, რუსთავი 2, იმედი, მაესტრო/მაესტრო 24, მეცხრე არხი, კავკასია, აჭარა - შეძლეს საზოგადოებისთვის მეტ-ნაკლებად ამომწურავი, მრავლისმომცველი ინფორმაციის მიწოდება. სადაც ასახული იყო პრობლემასთან დაკავშირებული ჯგუფების დიდი ნაწილის პოზიცია. საბოლოო ჯამში, საზოგადოებას შესაძლებლობა ჰქონდა ქართული არხებისგან რუსთაველის გამზირზე მომხდარი მოვლენების შესახებ მიეღო ადეკვატური ინფორმაცია.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია აფასებს ტელეჟურნალისტებისა და ტელეპროდიუსერების მცდელობას, განსაკუთრებული სიფრთხილით მოეკიდონ მსგავსი თემებისა და მოვლენების გაშუქებას და მიიჩნევს, რომ ასეთი სიფრთხილე საჭიროა არა მხოლოდ 17 მაისის მსგავსი მოვლენების გაშუქებისას, არამედ ყოველთვის, როდესაც მედია უმცირესობათა თემაზე მუშაობს. ინფორმაციის სიზუსტე და მართებული ტერმინოლოგია ლგბტ საზოგადოების უფლებათა საკითხებთან დაკავშირებული ნებისმიერი ნამუშევრის დროს უზრუნველყოფს საზოგადოებისთვის ზუსტი ინფორმაციის მიწოდებას, რაც თავის მხრივ განაპირობებს საზოგადოების მეტ ინფორმირებულობას და ხელს უწყობს სამოქალაქო განათლებისა და შეგნების ამაღლებას", - ნათქვამია ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადებაში.

კომენტარები