17 მაისის აქცია

ხაბურძანია: დემოკრატია უფრო მაღლა დგას თუ ეროვნული, რელიგიური და სექსუალური იდენტობა?

facebook.com/ValerianKhaburdzania

საქართველოს უშიშროების ყოფილი მინისტრი ვალერი ხაბურძანია ხვალ, 17 მაისს ჰომოფობიის წინაღმდეგ მიმართულ აქციას ეხმიანება და აცხადებს, რომ ჰომოსექსუალობის თემა გადაიქცა ქართული რეალობის უმნიშვნელოვანეს ღირებულებრივ წყალგამყოფად და ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოებისთვის ძალიან სენსიტიურ საკითხად. ამ საკითხთან დაკავშირებით ხაბურზანიამ ვრცელი კომენტარი გააკეთა Facebook-ის საკუთარ გვერდზე.


ევროკავშირის დეკლაერაციები ჰომოსექსუალების, ლესბოსელების, ბისექსუალების და ტრანსგენდერის დაცვის შესახებ, აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშები და დაჟინებული მრავალრიცხოვანი რეკომენდაციები, უცხოელი დიპლომატების ნაწილის ისტერიული აქტიურობა საქართველოში გეების უფლებების დაცვის მიმართულებით, მათი უშუალო მონაწილეობა გეი-აღლუმებში, საერთაშორისო ფონდების მიერ ქართული ლგბტ პროექტების მიზანმიმართული მზარდი ფინანსირება - ეს ყველაფერი არის ჩვენი ეროვნული იდენტობის საწინააღმდეგო მოქმედება. აღარაფერს ვამბობ ქართველი ხალხის რელიგიური გრძნობების პირდაპირ შეურაცხყოფაზე. - აცხადებს ხაბურძანია.


ყოფილი უშიშროების მინისტრი აცხადებს, რომ საერთაშორისო დოკუმენტებში შეგნებულად არასწორად მკვიდრდება ტერმინი ჰომოფობია, იმისათვის, რომ ქრისტიანებს და სხვა ტრადიციული კონფესიების წარმომადგენლებს აუკრძალონ ჰომოსექსუალობის ცოდვად მიჩნევა.


„დღეს უკვე წითელ ხაზს ავლებენ დემოკრატიასა და ერთსქესიანი ქორწინებების აკრძალვას შორისაც. თუ ერთსქესიან ქორწინებებს არ მიიჩნევ ნორმად - არ ხარ დემოკრატიული ღირებულებების მატარებალი, ე.ი. შენ თვითონ აღარ ხარ „ნორმალური". ამ დროს პეტერბურგში და რუსეთის ფედერაციის რიგ სუბიექტებში უკვე აიკრძალა გეი-აღლუმები და ამჟამად რუსეთის დუმა განიხილავს საკითხს ჰომოსექსუალობის პროპაგანდის აკრძალვის შესახებ. დასანანია, რომ ჩვენ არ ვართ მზად ასე ღიად და აშკარად დავიცვათ ჩვენი სასიცოცხლო ინტერესები და იმდენად სუსტები ვართ, რომ გვიწევს თვალთმაქცობა „დასავლეთთან" და საკუთარი თავის მოტყუება ამ უაღრესად პრინციპულ საკითხში", - აცხადებს ხაბურძანია.


ვალერი ხაბურძანია აცხადებს, რომ საქართველოში ამ თემაზე ხმის ამოღებას ვერ ბედავს პოლიტიკური პარტიების უმრავლესობა და ხელისუფლებაც იძულებულია თან არ გამოტოვოს რელიგიური დღესასწაულები და კამერების წინ ტაძარში სანთლებით იკეკლუცოს და თან რევერანსები უკეთოს სიბილწის და ცოდვის მქადაგებლებს.


„ამიტომაც, დასავლეთის მხარდაჭერას და აშშ-ს ვიზას, ქართველი ხალხის მხარდაჭერა და რუსეთის ვიზა გერჩივნოსო, ნათქვამია. ხუმრობა იქით იყოს და საკითხი არასწორადაა დაყენებული, თორემ დავუშვათ, რომ ასეა, მაშინ ჩემ თავს შევეკითხებოდი: დემოკრატია და მთელი ლიბერალური ღირებულებების ერთობლიობა უფრო მაღლა დგას თუ ჩემი ეროვნული, რელიგიური და სექსუალური იდენტობა? მგონი, პასუხი ნათელია, ყოველ შემთხვევაში ჩვენთვის - ქართველი, მართლმადიდებელი კაცებისთვის და ქალებისთვის" - აცხადებს ხაბურძანია.

კომენტარები