საპრეზიდენტო კანდიდატი

ქართული ოცნების საპრეზიდენტო კანდიდატი გიორგი მარგველაშვილია

ქართულმა ოცნებამ პრეზიდენტობის კანდიდატად გიორგი მარგველაშვილი დაასახელა. მისი კანდიდატურა მოულოდნელი არ ყოფილა - განათლების მინისტრისა და ვიცეპრემიერის მიმართ განსაკუთრებული სიმპათიები პრემიერმა არაერთხელ გამოხატა. ივანიშვილმა ის ყველაზე სამაგალითო მინისტრად მოიხსენია.
მეორე მხრივ, მარგველაშვილის კანდიდატურამ ზოგი გააკვირვა, რადგან ის, სხვა სავარაუდო კანდიდატებთან, მაგალითად, ალასანიასთან შედარებით, ნაკლებად გამოცდილი და რეიტინგულია. მარტში NDI-ის ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის თანახმად, მარგველაშვილის, როგორც განათლების მინისტრის, საქმიანობა დადებითად რესპონდენტების 29%-მა შეაფასა.
ამ საკითხზე ოპონენტებმაც გაამახვილეს ყურადღება. ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ივანიშვილის სურვილია კოალიციას სუსტი კანდიდატი ჰყავდეს, რომ ძალაუფლება არავის გაუყოს. ოპონენტებმა მარგველაშვილს წარსულში გაკეთებული არაერთი განცხადებაც შეახსენეს, მათ შორის - აგვისტოს ომზე.

კომენტარები