საპრეზიდენტო კანდიდატი

ირაკლი ალასანია: საპრეზიდენტო კანდიდატების შერჩევისას სერიალის ბოლო სერია ნანახი მაქვს

facebook.com/alasaniairakli

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემაში - დიალოგი დავით პაიჭაძესთან - კოალიცია ქართულ ოცნებაში საპრეზიდენტო კანდიდატის შესახებ მიმდინარე კონსულტაციებზე ისაუბრა.
"პრაიმერი არ ჩატარდება და ერთ კანდიდატურაზე შეთანხმება მოხდება კონსულტაციების გზით. ამ საკითხს განიხილავს პოლიტიკური საბჭო და მე ამ განხილვაში, როგორც წევრი, ბუნებრივია, მონაწილეობას მივიღებ. კანდიდატების შერჩევისას სერიალის ბოლო სერია, შეიძლება ითქვას, ნანახი მაქვს. ანუ, დაახლოებით ვიცი, ვინ შეიძლება დასახელდეს და ვის აქვს შანსი, რომ შედგეს მის ირგვლის კონსენსუსი. ამის შესახებ გარკვეულწილად კონსულტაციები პრემიერმინისტრმა და კოალიციის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა ჩემთან ჩაატარა. ვიცი, რომ რამდენიმე წევრთან ჰქონდა კიდევ ასეთი საუბრები. გვინდა, რომ რაც შეიძლება ღია და გულწრფელი დისკუსიები იყოს. დარწმუნებული ვარ, შევთანხმდებით შაბათსვე. შემდეგ დაგეგმილი აქვს კოალიციის ლიდერს, რომ უმრავლესობასთან შედგეს საუბარი კვირას და ორშაბათს უკვე საზოგადოებას წარვუდგენთ შერჩეულ კანდიდატს. მე არ გავამხელ ვინ შეიძლება იყოს კანდიდატი. დარწმუნებული ვარ, რომ კანდიდატი ღირსეული იქნება და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი კანდიდატი გაიმარჯვებს", - განაცხადა ალასანიამ.
ირაკლი ალასანიამ "ახალ რეალობაში" პრეზიდენტის ინსტიტუტის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი თქმით, თავისუფალი დემოკრატები რჩებიან საპრეზიდენტო რესპუბლიკის მოდელის მომხრე, მაგრამ კოალიციაში შემავალი ძალების უმრავლესობა მხარს საპარლამენტო რესპუბლიკას უჭერს. ამდენად, ალასანია აცხადებს, რომ მას მოუწევს "ანგარიში გაუწიოს ამ რეალობას".
დავით პაიჭაძის კითხვაზე, მას, როგორც ძლიერი საპრეზიდენტო მმართველობის მომხრეს, იქნებ არ უღირს სუსტი პრეზიდენტის თანამდებობაზე იყაროს კენჭი, ალასანიამ აღნიშნა:
"თქვენს შეკითხვაზე პირდაპირი პასუხი რომ გაგცეთ, გულისხმობს იმას, გავამჟღავნო, საპრეზიდენტო კანდიდატებში რომელი აღარ იქნება კანდიდატი. დაველოდოთ, რამდენიმე დღეა დარჩენილი და ბუნებრივი და ლოგიკურია, რომ ეს წარადგინოს კოალიციის ლიდერმა", - განაცხადა ალასანიამ.

კომენტარები