სამხრეთ ოსეთი

ტრიბუნა: სამხრეთ ოსეთს კიდევ ერთი ქვეყანა აღიარებს

დიმიტრი მედოევი
ria.ru

რუსული გაზეთის ტრიბუნას ცნობით, ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკას უახლოეს დღეებში, მინიმუმ, კიდევ ერთი ქვეყანა აღიარებს. ამის შესახებ გამოცემას რუსეთში სამხრეთ ოსეთის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა დიმიტრი მედოევმა აცნობა. კონკრეტულად რომელ ქვეყანაზეა საუბარი, ელჩს არ დაუკონკრეტებია, თუმცა როგორც სტატიაში ვკითხულობთ, მედოევმა კითხვას ვლადიმირ პუტინის სიტყვებით უპასუხა: "თქვენ მოგეწონებათ".

სტატიის ავტორი ვარაუდობს, რომ აღიარების შესახებ განცხადება ე.წ. სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტის ლეონიდ თიბილოვის ვიზიტამდე ან ვიზიტის დროს გაკეთდება, რომელიც 21 მაისს გაიმართება. მოლაპარაკებებისას, განხილული იქნება ორმხრივი ურთიერთობების საკითხები, რუსეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთს შორის თანამშრომლობის პერსპექტივა და რეგიონში არსებული მდგომარეობა.

"მოცემულ მომენტში, ცხინვალის გარშემო სიტუაცია ოდნავ დამშვიდდა. თუმცა, როგორც ცნობილია, საქართველოს ახალმა მთავრობამ ივანიშვილის ხელმძღვანელობით, დაადასტურა ნატოში შესვლის განზრახვა. ალიანსის ხელმძღანელობამ, თავის მხრივ, განაცხადა, რომ ბუქარესტში მიღებული გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ საქართველო ნატოში შევა, ძალაშია. ჩრდილოატლანტიკური ორგანიზაცია კვლავაც მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს, მსოფლიო თანამეგობრობის მიერ აღიარებულ ჩარჩოებში", - ნათქვამია სტატიაში.

ამავე დროს, დიმიტრი მედოევის თქმით, "სამხრეთ ოსეთი უკვე აღარასდროს დაბრუნდება საქართველოს შემადგენლობაში", - ვკითხულობთ ტრიბუნაში.

კომენტარები