საია

საია: პრემიერის განცხადება ჩვენ შესახებ, სერიოზულ ბრალდებას წარმოადგენს

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საია) პრემიერმინისტრის მიერ ამ ორგანიზაციასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების შესახებ მიმართვა გაავრცელა. 

"ცხადია, ნებისმიერი პირის, მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციის საქმიანობა კანონის ჩარჩოებში უნდა ჯდებოდეს. უფლებამოსილების გადაჭარბება ამ ჩარჩოების ფარგლებს გარეთ გასვლას გულისხმობს, რაც პრემიერის მხრიდან არასამთავრობო ორგანიზაციის მიმართ საკმაოდ სერიოზულ ბრალდებას წარმოადგენს. ამიტომ ვისურვებდით, ამ განცხადებაში მეტი კონკრეტიკა ყოფილიყო თუ სად, როდის და რა მოქმედებით გადააჭარბა საიამ თავის უფლებამოსილებას. ჩვენ ასეთ კონკრეტულ ქმედებას ვერ ვიხსენებთ. ამავე დროს, პრემიერმინისტრი აღნიშნავს, რომ სამოქალაქო საზოგადოებამ უნდა იაქტიუროს, თუნდაც გადააჭარბოს თავის უფლებამოსილებას. თუ არასამთავრობო ორგანიზაციის აქტიურობა და უფლებამოსილების გადაჭარბება კარგი და სასურველი ქმედებაა, მაშინ ეს უარყოფით კონტექსტში არ უნდა იქნეს მოხსენიებული ("ზედმეტ აქცენტს ნუ მივცემთ, რომ საიამ თქვა და ქვეყანა უნდა აყირავდეს")", - ნათქვამია განცხადებაში. 

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრემიერმინისტრის ბიძინა ივანიშვილის თქმით, კარგია, როცა სამოქალაქო საზოგადოება ძლიერია, თუმცა მან არ უნდა გადააჭარბოს თავის უფლებებს. უფლებების გადაჭარბების მაგალითად კი მან ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია დაასახელა. ბიძინა ივანიშვილს მედიასთან შეხვედრისას დღეს, 14 მაისს, კითხვა დაუსვა ერთ-ერთმა ჟურნალისტმა საია–ს 13 მაისის განცხადებასთან დაკავშირებით. განცხადება ეხებოდა საია-ს მიერ ციხეში სოფლის მეურნეობის სამინისტროს იმ ყოფილი მაღალჩინოსნების მონახულებას, რომლებიც რამდენიმე დღის წინ დააკავეს. მათ საია-ს წარმომადგენელს განუცხადეს, რომ დაკითხვისას მათზე ხორციელდებოდა ზეწოლა. საია-მ კი ამბით დაინტერესებისკენ მოუწოდა სამართალდამცავებს.

 "საია-ს განცხადებას რაც შეეხება, მათ აქვთ უფლება, ეს ეჭვი გამოთქვან და პროკურატურა და ჩვენც დავინტერესდებით, კანონმდებლობით როგორ არის შესაძლებელი. გამოძიებაში არ ვერევი, მე ვერც იმას მოგახსენებთ, რამდენად სწრაფად დასრულდება. ზოგადად ვკითხულობ და მეუბნებიან, რომ ფაქტებია საკმარისზე მეტი და მე არ მაქვს იმის იქით ჩარევის უფლება გამოძიებაში. საია კარგად ახსენეთ და კარგია. სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება ჩემი დიდი სურილია და ვაპირებ მეც ამ პროცესში ჩავერთო, მაგრამ აქაც შევახსენებ სამოქალაქო საზოგადოების წევრებსაც, მათ შორის საია-ს წევრებსაც, რომ მათაც თავისი ფუნქცია აქვთ და საია ვერ გახდება ახალი მოსამართლე, ვერ ექნება იმაზე მეტი ფუნქცია, ვიდრე მათ აქვთ კანონით მინიჭებული, რამეთუ მე მათი რეაგირების წინანდელ ფაქტებსაც ვიხსენებ", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

 

 

 
 

 

კომენტარები