აშშ-დიდი ბრიტანეთი

კამერონისა და ობამას შეხვედრის მთავარი თემა სირიის პრობლემა გახდა

Reuters

შეერთებული შტატების პრეზიდენტი და დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი აცხადებენ, რომ სირიის ხალხის დახმარებას გააგრძელებენ და სხვა ქვეყნებსაც მოუწოდებენ, გაზარდონ ჰუმანიტარული დახმარება და დაეხმარონ სირიის დროებით მთავრობას მშვიდობის დამყარებაში. ბარაკ ობამას განცხადებით, შეერთებული შტატები გააგრძელებს ზეწოლას ბაშარ ასადზე, რათა ძალადობის შეწყვეტა აიძულოს.

"ამავე დროს, ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას სირიის რეჟიმის მიერ ქიმიური იარაღის გამოყენების ფაქტის დასადგენად", - განაცხადა ობამამ. აშშ-ის პრეზიდენტმა ბრიტანეთს ევროკავშირთან ურთიერთობების მოწესრიგებისკენაც მოუწოდა, რის თაობაზეც ლონდონში აქტიური დებატები მიმდინარეობს.

დევიდ კამერონმა, თავის მხრივ, განაცხადა, რომ ბრიტანეთი გააგრძელებს სირიის ოპოზიციის დახმარებას არალეტალური საშუალებებით. მისთვის შეიარაღების მიწოდებისგან ლონდონი ჯერჯერობით თავს იკავებს, თუმცა პარტნიორებს იარაღის ემბარგოს საკითხში მოქნილობისკენ მოუწოდა.

"არცერთ ჩვენგანს არ სურს კვლავაც იხილოს ადამიანების მსხვერპლი, ქიმიური იარაღის გამოყენება და ექსტრემისტული ძალადობა. ჩვენ მივესალმებით პრეზიდენტ პუტინის თანხმობას შეუერთდეს ჩვენს ძალისხმევას პოლიტიკური გადაწყვეტილების შემუშავების მიზნით. ახლა არსებობს შესაძლებლობათა ფანჯარა, მაგრამ მალე შეიძლება სიტუაცია კიდევ უფრო გაუარესდეს", - განაცხადა დევიდ კამერონმა.

აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში იგი ბოსტონსაც ეწვია, სადაც პატივი მიაგო აპრილის ტერაქტში დაღუპულთა ხსოვნას და მასაჩუსეტსის გუბერნატორს შეხვდა. 

კომენტარები