ავღანეთის მისია

აშშ-ის საელჩო ავღანეთში დაღუპული ქართველი ჯარისკაცების ოჯახებს უსამძიმრებს

ამერიკის საელჩოს გვერდი Facebook-ზე

აშშ-ის საელჩო საქართველოში ავღანეთში დაღუპული ქართველი ჯარისკაცების ოჯახებს უსამძიმრებს. წერილი აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, ბრიჯიტ ბრინკმა გაავრცელა.

"აშშ-ის საელჩოს თითოეული თანამშრომელი გულწრფელ სამძიმარს უცხადებს სერჟანტ ზვიად დავითაძის, კაპრალ ალექსანდრე კვიწინაძისა და კაპრალ ვლადიმერ შანავას ოჯახებს, აგრეთვე საქართველოს ხალხს ავღანეთში განცდილი დანაკარგის გამო. ვლოცულობთ 42–ე ბატალიონის ჯარისკაცებისა და დაღუპულთა თანამებრძოლებისთვის, რომლებიც მტკიცედ დგანან თავისუფლების სადარაჯოზე. ქართველი ჯარისკაცების დაღუპვა კიდევ ერთხელ გვახსენებს იმ ტრაგიკულ რეალობას, რომ მშვიდობისა და უსაფრთხოებისათვის ბრძოლას დიდი რისკი და მსხერპლი ახლავს. საქართველოს შეიარაღებულ ძალებსა და ქართველ ხალხს უმნიშვნელოვანესი წვლილი შეაქვთ NATO-ს ავღანეთის ოპერაციაში, რომელიც ჩვენი საერთო ამოცანების გადაჭრას ემსახურება. აღვნიშნავთ, რომ საქართველო უმნიშვნელოვანესი საერთაშორისო ოპერაციის ერთ-ერთი მოწინავე კონტრიბუტორია. შეერთებული შტატები დიდად აფასებს საქართველოს წვლილს, აგრეთვე მსხვერპლს, რომელიც მას ახლავს. სერჟანტ ზვიად დავითაძის, კაპრალ ალექსანდრე კვიწინაძისა და კაპრალ ვლადიმერ შანავას ხსოვნის უკვდავსაყოფად არ შევასუსტებთ ძალისხმევას, რათა ავაშენოთ მშვიდობიანი და სტაბილური ავღანეთი", - აღნიშნულია განცხადებაში, რომელიც აშშ-ის საელჩოს Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა. 

ავღანეთის საერთაშორისო მისიაში თავდასხმას სამი ქართველი სამხედრო მოსამსახურე შეეწირა - კაპრალი ალექსანდრე კვიწინაძე, უმცროსი სერჟანტი ზვიად დავითაძე და კაპრალი ვლადიმერ შანავა.

კომენტარები