ავღანეთის მისია

მაია ფანჯიკიძე: ავღანეთის მისიაში მონაწილეობის ფორმატი შესაძლოა შეიცვალოს

საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატის მაია ფანჯიკიძის განცხადებით, 2014 წლის შემდეგ ავღანეთიდან ქართული კონტინგენტის სრულად გამოყვანის საკითხი ჯერჯერობით გადაწყვეტილი არ არის. მისი თქმით, ავღანეთის მისიაში საქართველოს მონაწილეობასთან დაკავშირებით არსებული ფორმატი და კონტინგენტის რაოდენობა შესაძლოა შეიცვალოს.

„NATO-ს მისიასთან დაკავშირებით ირაკლი ალასანიას განცხადება არ იყო კატეგორიული და მას არ უთქვამს, რომ 2014 წლიდან საქართველოს კონტინგენტი მთლიანად გამოდის ავღანეთიდან. ჩვენ უნდა შევასრულოთ საერთაშორისოდ აღიარებული ვალდებულებები, მიუხედავად იმისა, რომ 18 ჯარისკაცის დანაკარგი გვაქვს“,  - აღნიშნა ფანჯიკიძემ ევროპასთან ინტეგრაციისა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე.

საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა საგარეო პოლიტიკის შესახებაც ისაუბრა და განაცხადა, რომ ახალი მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი მეზობლებთან ურთიერთობის განმტკიცება იქნება, მათ შორის რუსეთთან. თუმცა, მისი თქმით, სანამ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის საელჩოებია განთავსებული, მოსკოვთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა არ მოხდება.

მინისტრობის კანდიდატის განმარტებით, რუსეთთან ურთიერთობის აღდგენის დაწყება თავდაპირველად კულტურული და ეკონომიკური ურთიერთობების განახლებითაა შესაძლებელი.

 

კომენტარები