არასამთავრობო ორგანიზაცია

საია დაკავებულ მაღალჩინოსნებზე ზეწოლის შესახებ საუბრობს

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ინფორმაციით, დაკავებული სოფლის მეურნეობის მაღალჩინოსნები აცხადებენ, რომ მათზე პროკურორისა და გამომძიებლის მხრიდან ზეწოლა ხდება. ამასთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციამ სპეციალური განცხადება გაავრცელა. 

"პატიმრობაში მყოფი პირებიდან ოთხი აცხადებს, რომ ე.წ. მოდულის შენობაში დაკითხვის დროს, პროკურორ შოთა რიჟამაძისა  და გამომძიებლების მხრიდან მათზე ხორციელდებოდა ფსიქოლოგიური ზეწოლა და სიტყვიერი შეურაცხყოფა. დაკითხვა იწყებოდა საღამოს საათებში და გრძელდებოდა ზოგჯერ 8 საათის განმავლობაშიც კი. პატიმრობაში მყოფი პირების განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ მათ მოდულის შენობაში დიდი ხნის განმავლობაში უწევდათ ყოფნა, უშუალოდ დაკითხვის პროცესი მხოლოდ საათი ან საათ-ნახევარი გრძელდებოდა. ამასთან აღსანიშნავია, რომ ყველა მათგანის დაკითხვა მოწმის სტატუსით და ადვოკატის მონაწილეობის გარეშე მიმდინარეობდა. პატიმრობაში მყოფმა პირებმა საქმეში მონაწილე პროკურორის შ. რიჟამაძის მხრიდან ზეწოლაზე სასამართლოს წინაშეც განაცხადეს და მისი საქმიდან აცილებაც მოითხოვეს, რაც მოსამართლემ არ დააკმაყოფილა. ასევე, უცნობია, მოჰყვა თუ არა რაიმე რეაგირება დაკავებული პირების მიერ ზეწოლასთან დაკავშირებულ განცხადებებს. 

მიგვაჩნია, რომ დაპატიმრებულ პირებზე ზეწოლისა და სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტები გამოძიებული უნდა იქნეს. ხაზი უნდა გავუსვათ იმ გარემოებას, რომ პირის მოწმის სტატუსით დაკითხვისას, მით უმეტეს, როდესაც აღნიშნულ ჩვენებას შესაძლოა პირის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის დაწყება მოჰყვეს, უზრუნველყოფილი უნდა იყოს ადვოკატის მონაწილეობა. საკუთარი თავის წინააღმდეგ ჩვენების მიცემის იძულება კი სამართლიანი სასამართლოს ერთ-ერთი ძირითადი უფლების დარღვევას წარმოადგენს", - ნათქვამია განცხადებაში. 

 

კომენტარები