არასამთავრობო ორგანიზაცია

საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო ფინანსთა სამინისტროს სასამართლოში უჩივის

არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გაჭვირვალობა-საქართველო" ფინანსთა სამინისტროს სასამართლოში უჩივის. ორგანიზაცია ფინანსთა მინისტრის 25 იანვრის 30-ე ბრძანების და შემოსავლების სამსახურის უფროსის 6 თებერვლის 4257-ე ბრძანების გაუქმებას ითხოვს. აღნიშნული ბრძანებების მიხედვით, მცირე და საშუალო გადამზიდავებს საბაჟო პროცედურების გავლა შეეზღუდათ. ორგანიზაციის შეფასებით, ეს დომინანტურ მდგომარეობაში აყენებს საქართველოს ფოსტას. 

"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" თქმით, მათ დახმარებისთვის ადგილობრივმა მეწარმეებმა მიმართეს. მეწარმეები ფიქრობენ, რომ დაწესებული რეგულაციები მათი ბაზრიდან განდევნას ემსახურება.

"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" განცხადებით, აღნიშნული ბრძანებები შეუსაბამობაში მოდის საქართველოს კანონმდებლობასთან. ორგანიზაციის შეფასებით, ფინანსთა მინისტრის ბრძანება პრაქტიკულად სალიცენციო/სანებართვო რეჟიმს აწესებს, რაც მხოლოდ ახალი კანონის მიღებით არის შესაძლებელი; ამასთან, ბრძანება ბაზარზე კონკურენციას ზღუდავს, რაც კონსტიტუციის 30-ე მუხლის მეორე ნაწილის დარღვევაა. 

 

კომენტარები