კანონპროექტი

საკრებულოს შუალედური არჩევნები ივნისში აღარ ჩატარდება

დეპუტატ ირინა იმერლიშვილს უკან გააქვს საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების პროექტი, რომლითაც მთლიანად იცვლება საკრებულოებში გამოკლებული მაჟორიტარი დეპუტატის ადგილმონაცვლის არჩევის წესი.

დღის წესრიგიდან იხსნება ივნისის თვეში, ექვს თვითმმართველ ერთეულში, მათ შორის თბილისში, საკრებულოს შუალედური არჩევნების ჩატარების საკითხი. 

როგორც იმრელიშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განმარტა, არასამთავრობო ორგანიზაციების და ცენტრალური საარჩევნო კომისიის მხრიდან გამოითქვა მოსაზრება, აღნიშნული კანონიდან გამომდინარე ტექნიკური ხასიათის პრობლემების წარმოქმნის შესახებ, რის შედეგადაც გადაწყდა, რომ მას პარლამენტი ამ ეტაპზე არ მიიღებს. იმერლიშვილი ასევე აკონკრეტებს, რომ თავად ვერანაირ ტექნიკურ პრობლემას ვერ ხედავს. 

"შექმნილია ინტერფრაქციული ჯგუფი, რომელიც საარჩევნო საკითხებზე მუშაობს და აღნიშნული საკითხიც ინტერფრაქციული ჯგუფის ფარგლებში განხილვის საგანი იქნება. ის წარმოადგენს ამ ცვლილებას საარჩევნო კანონმდებლობაში შესატანი ცვლილებების პროექტის ფარგლებში", - განაცხადა ირინა იმერლიშვილმა.

შეგახსენებთ, პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო კანონპროექტი, რომელიც საკრებულოებში გამოკლებული წევრის ადგილმონაცვლეობის წესს მთლიანად ცვლის. პროექტის თანახმად, საკრებულოს მაჟორიტარული შუალედური არჩევნების გამართვის ვადა და სიხშირე იზრდება და საკრებულოს შემადგენლობის შევსება სამჯერ ხდება შესაძლებელი.

კომენტარები