ბლოგი

ადგილი შენთვის - ნათია კოპაძე

„ადამიანად ყოფნა ძნელია, მაგრამ სრულიად შესაძლებელი...“ წერს ბიოგრაფიულ წიგნში რუბენ გალიეგო, ბიჭი რუსული ბავშვთა სახლიდან, რომელსაც ეტლის გარეშე გადაადგილება არ შეუძლია.

ჩვენ ხშირად ვმსჯელობთ იმაზე, თუ რა მივიღეთ სსრკ-სგან მემკვიდრეობით. ერთ-ერთი ყველაზე რთული ამოსაძირკვი, ეს არის განსხვავებულის აღქმა, მისი მიღება საზოგადოების სრულფასოვან ნაწილად. თითქოს ბოლო ათი წელია ვებრძვით ამ ამბავს, მაგრამ ტელეეთერში ისეთივე სიხშირით გადის ქართული ფილმი და საზოგადოებასაც ისევ ტკბილიად ესმის მასში გაჟღერებული ნამღერი „მე-ც ხომ ადამიანი ვარ...“

როგორც ამ ათი წლის წინ, ცვლილებები იწყება იქიდან, სადაც მაყურებელი „ც“ ნაწილაკს მოაშორებს და ეტყვის განსხვავებულს – „შენ ადამიანი ხარ“. გაცნობიერების შემდეგი ეტაპი კითხვის დასმაა: „არსებობს შეზღუდული შესაძლებლობები?“. თუ ეტლის საშუალებით გადაადგილებულ პირებს, მხოლოდ იმიტომ, რომ ეტლით გადაადგილდებიან, ვუწოდებთ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს, ვფიქრობ, სწორი არ იქნება, რადგან მათ გადაადგილების შეზღუდვა არ აქვთ – ეტლის მეშვეობით დადიან. გადაადგილებისთვის მათ ესაჭიროებათ პირობები, ასე რომ, შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს. 21-ე საუკუნეში არსებობს შეზღუდული პირობები.

21-ე საუკუნეში კაცობრიობის მთავარი პრობლემა ადგილი გახლავთ. ადგილი ოჯახში, სამეგობროში, სამსახურში, ტრანსპორტში, ქუჩაში, გაჩერებაზე... ყოველი ჩვენგანი შრომობს საკუთარი თავის დასამკვიდრებლად. ჩვენ ჩავირბენთ კიბეს ლიფტამდე, ვჯდებით ვიწრო ლიფტში, ვაბიჯებთ სადარბაზოში კარის ზღურბლს, მივდივართ ვიწრო ტროტუარით, კიბის რამდენიმე საფეხურით შევდივართ ვიწრო მაღაზიაში, სადაც მაცივრები ქმნიან სივიწროვეს, ავდივართ ხიდზე, რომელზეც ყოვლად გამოუსადეგარი პანდუსია მიმაგრებული, ველოდებით ტრანსპორტს, რომელსაც არ აქვს მოძრავი პანდუსი, ვაჩერებთ მანქანას იქ, სადაც ნიშანს ვხედავთ ეტლის გამოსახულებით, ან თუ იქ არა, მის გვერდით და ის ადგილი მარადიულად თავისუფალი გვხვდება. მივდივართ სამსახურში, სასწავლებელში, ბიბლიოთეკაში, კაფეში, შოპინგზე, თეატრში, კინოში, კლუბში, სადაც შესასვლელად მუდმივად უნდა ავიარო-ჩავიაროთ რამდენიმე საფეხური – ეს ჩვენი ყოველდღიურობაა და პროტესტის გრძნობა არ გვიჩნდება, რომ სადღაც, მრავალსართულიან ასანთისკოლოფა სახლში წევს ის თითქმის ჩვენიანი, ვისი სამანქანო ადგილიც მუდამ ცარიელია.

არ მინახავს ადამიანი, რომელიც იტყვის – მე არ შევალ ამ დაწესებულებაში, რადგან ის არ არის ადაპტირებული! დღეს ბევრს ლაპარაკობენ ჩვენს ქვეყანაში ტოლერანტობის ნაკლებობაზე, მიზეზებს მუდმივად სხვაში ვეძებთ, არადა, ცვლილებები თითოეული ჩვენგანისგან იწყება.

საქართველოში არსებობს მოძრაობა „ხელმისაწვდომი გარემო ყველასთვის“, რომლის საქმიანობა ძირითადად ადვოკატირება, მონიტორინგი და კვლევები გახლავთ. ტაბულა ესაუბრა მის წარმომადგენელს, გიორგი ახმეტელს:

მიზეზი, თუ რატომ გადავწყვიტეთ ამ მოძრაობისათვის დაგვერქმია „ხელმისაწვდომი გარემო ყველასათვის“, შემდგომში მდგომარეობს – არ მოგვწონს ის გარემო, რომელიც არსებობს საქართველოში, იგი ვერ უზრუნველყოფს თანაბარ შესაძლებლობებს ჩვენთვის და გადავწყვიტეთ ამის წინააღმდეგ ბრძოლა. პირველ რიგში, ვცდილობთ გავზარდოთ მოთხოვნა ხელმისაწვდომ გარემოზე. რაც მეტი გააქტიურდება ჩვენსავით, მით უფრო დიდი შანსი გვაქვს, რომ გარემო შევცვალოთ უკეთესობისკენ.

საქართველოში არის 200 000-მდე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი და აქედან უმრავლესობა პასიურობს. ეს გასაგებიცაა, იმიტომ, რომ განათლების მისაღებად არ გვაქვს საჭირო პირობები და, შესაბამისად, დასაქმების შანსიც ნაკლებია.

ამ წლების განმავლობაში ორგანიზაციამ ბევრი სასარგებლო რამ გააკეთა. მაგრამ ეს არ არის საკმარისი მასშტაბური ცვლილებებისთვის. მოვიყვან თუნდაც საზოგადოებრივი ტრანსპორტის მაგალითს, რომელიც საჭიროებისამებრ არ არის ადაპტირებული. ვფიქრობ, ამის მიზეზია ის, რომ ვისაც ეს საკითხი უნდა გადაეწყვიტა, გულგრილად მოიქცა.

ჩვენ ცოტანი არა ვართ, გვაქვს გადაადგილების უფლება და საზოგადოებრივი ტრანსპორტის ვერგამოყენება ჩვენთვის კატასტროფაა, ამ დროს ტაქსით მოძრაობა ხდება საჭირო, ის კი, ვისაც ტაქსის ფული არ აქვს, სახლშია

გამოკეტილი და შინაპატიმრობის მსხვერპლია.

ვცდილობთ, რეგიონებშიც განვავითაროთ ასეთი ტიპის გაერთიანებები, რათა მათ მოახერხონ ადგილობრივ მუნიციპალიტეტთან თანამშრომლობა და თავიანთი უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესება.

გასული წლის 3 დეკემბერს, შშმ პირთა უფლებების საერთაშორისო დღეს, გვინდოდა პრემიერმინისტრი მოსულიყო სპორტის სასახლეში, სადაც მასშტაბური ღონისძიებები გაიმართა, თუმცა, სამწუხაროდ, ეს ვერ მოხერხდა.

რაც შეეხება პრობლემებს, ეს არის გარემო, სადაც არ მოიაზრება მარტო პანდუსი.

გარემოში გაცილებით მეტს ვგულისხმობთ, თუნდაც საზოგადოების დამოკიდებულების შეცვლას. ტერმინი „უნარშეზღუდული“ მეტყველებს იმ ადამიანის დამოკიდებულებაზე, რომელიც მას იყენებს, იგი ამ საზოგადოებას აღიქვამს, როგორც უუნაროს, ერთხელ შეუსწორებ და მეორედ იტყვის... უკვე ნათელია, რომ ეს არის მისი ცნობიერება, ის მართლაც ასე აღიქვამს ამ ხალხს, უუნაროებად.

ასევე არ არის ადაპტირებული უმაღლესი სასწავლებლები და ეს იწყება ბაღიდან. ბაღი, სკოლა, უმაღლესი სასწავლებლები... არ არის ინკლუზიური განათლება ჩვენთვის, რაც კატასტროფაა. ახლა იწყება რაღაცა პროექტები ნორვეგიელების დახმარებით, განათლების სამინისტროში შესაძლოა რაღაცები დაიძრას ინკლუზიის თვალსაზრისით, მაგრამ კომპლექსური პრობლემები არის ჯანდაცვასთან დაკავშირებით. ამას სჭირდება კოორდინირებული პოლიტიკა. პრობლემა იქ იწყება, სადაც სტატისტიკა არ არსებობს და არ ვიცით ციფრებში, რამდენი ადამიანი რანაირი შეზღუდვის გვყავს.

საჭიროებების კვლევა არის გადამწყვეტი. ყველას აქვს ინდივიდუალური საჭიროება. მიდგომა დღემდე ძალიან ცუდია, ყველა ერთი საზომით იზომება. პენსიას ყველა იღებს ერთნაირად, არადა, რეალურად, ყველას აქვს ინდივიდუალური და განსხვავებული საჭიროებები: ზოგს დამხმარე სჭირდება,ზოგს არა. ზოგს ეტლი სჭირდება, ზოგს ხელჯოხი.

ახალგაზრდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს, შეზღუდვის ხარისხის მიუხედავად, აქვს პოტენციალი, იყოს გადასახადის გადამხდელი და შეიტანოს ბიუჯეტში თანხა. ჩვენ ვიხდით საშემოსავლოს, ვიბეგრებით, ბიზნესმენი გახდება შშმ პირი თუ სადმე სხვაგან იმუშავებს, მას შეუძლია სარგებელი მოუტანოს ქვეყანას.

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ხედვებსა და დამოკიდებულებას

ვუთმობთ მუშაობის ძირითად დროს. პრობლემას ვხედავთ თავად მათში, ჩვენ თვითონ არ ვიცით აქტიურობის ფასი.

შშმ პირების ნაწილი შეგუებულია ამ საზოგადოებრივ მიდგომას და უუნარობის აღქმა გათავისებული აქვს. ზოგი ძლიერია, ზოგი სუსტი, ზოგი მარტივად დაეთანხმა ყველაფერს და ჩაწვა ლოგინში, დარჩა ასეთ მდგომარეობაში. აი, ზუსტად ამ ხალხის გარეთ გამოყვანა და ინტეგრაციის სურნელის ჩასუნთქვა არის გამოსავალი, რათა შემდგომში გააგრძელონ საზოგადოებაში სრულფასოვანი თანაცხოვრება.

ეს კი მიგვიყვანს შედეგებამდე, მაგრამ აუცილებელია საკანონმდებლო ცვლილება და გაეროს კონვენციის რატიფიცირება. სამწუხაროდ, ის ჯერაც პრეზიდენტისგან ხელმოუწერელი რჩება, ხელმოწერის შემდეგ ის გაეგზავნება პარლამენტს, რომელიც გვპირდება, რომ იმუშავებს ამ საკითხზე. თუმცა ასეთი დაპირებები მრავალჯერ მოგვისმენია და დაპირება დაპირებად დარჩენილა, ახლა ეჭვის საფუძველი ჯერ არ გვაქვს.

იმედია, პარლამენტი გამოთქვამს მზაობას. როგორც უმრავლესობა, ისე უმცირესობა. კონვენცია გვაძლევს საშუალებას, ბევრი ეს პრობლემა დარეგულირდეს კანონის დახმარებით და სისტემურად გამოსწორდეს. 

კანონი, რომელიც ხელმისაწვდომ გარემოს უნდა უზრუნველყოფდეს, ამჟამად არსებობს. ჩემი აზრით, ზედამხედველობის სამსახურს უნდა დავალებოდა, ბოლო დროს ზოგიერთ უბანში ჩატარებული სარეაბილიტაციო სამუშაოები ადაპტირებული ყოფილიყო შშმ პირების შესაძლებლობებთან. რეალურად, ეს იქნებოდა წინ გადადგმული ნაბიჯი.

საკითხი მარტივია, ხარჯი არ არის სახელმწიფოს ბიუჯეტიდან გასათვალისწინებელი. უბრალოდ, არქიტექტორებმა უნდა გაითავისონ, პროექტის შექმნიდანვე, ისეთი გარემო, რომელიც დამხმარეს გარეშე შეაძლებინებს შშმ პირს სივრცის მოხმარებას.

შშმ პირებისთვის აუცილებელია სტაბილური გარემო, თუ დესტაბილიზაცია და ალიაქოთი იქნება, ჩვენთვის არავის ეცლება.

ამის პრაქტიკა გვქონდა 90-იან წლებში. შეიძლება წინა ხელისუფლების დადებით მხარედ შევაფასო სტაბილურობა, რამაც შექმნა ამ თემის გააქტიურების წინაპირობა.

მოძრაობა „ხელმისაწვდომი გარემო ყველასთვის“ სამომავლოდ აპირებს მუშაობას. ძალიან ბევრი გეგმა გვაქვს და წარმატებაც ჩვენზეა დამოკიდებული, იმაზე, თუ რამდენად ენერგიულად მივუდგებით საკითხს და რამდენად მოვინდომებთ ერთად!

კომენტარები