სასამართლო რეფორმა

კუბლაშვილი: არ შეიძლება პოლიტიკურ ცვლილებას მოჰყვეს სასამართლო ხელისუფლების ცვლილებაც

საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კოტე კუბლაშვილი, ჟურნალისტებთან საუბარში გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტის მიერ საერთო სასამართლოების შესახებ კანონპროექტზე ვეტოს დადების საკითხს. მისი თქმით, ვეტო  პრეზიდენტის დისკრეციული უფლებამოსილებაა და იმის მიუხედავად,  თუ რას ფიქრობს უზენაესი სასამართლო, პარლამენტი თუ მთავრობა, პრეზიდენტს აქვს უფლება ის გამოიყენოს და ვეტო დაადოს ნებისმიერ კანონპროექტს, თუ მას საჭიროდ ჩათვლის.
"პირადად ჩემი მოსაზრება არის ის, რომ არ შეიძლება პოლიტიკური ხელისუფლების ცვლილებას მოჰყვეს სასამართლო ხელისუფლების ცვლილებაც, ეს არცერთ დემოკრატიულ ქვეყანაში არ ხდება. თუკი საქართველოში ასეთი რამ მოხდება, ეს იქნება ძალიან ცუდი პრეცედენტი და გამოიწვევს იმას, რომ ყოველი ახალი ხელისუფლება ისევ შეცვლის სასამართლოში ვიღაცას და რაღაცას", - განაცხადა კოტე კუბლაშვილმა. 
უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე აცხადებს, რომ საერთო სასამართლოების შესახებ კანონპროექტის საბოლოო ვარიანტი, რომელსაც პრეზიდენტმა ვეტო დაადო, ვენეციის კომისიის დასკვნას მხოლოდ ნაწილობრივ ასახავს. 
კოტე კუბლაშვილი მოსამართლეების მიერ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეფორმის მხარდამჭერი ჯგუფების შექმნის საკითხსაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ იგი არ ფლობს ინფორმაციას ასეთი ჯგუფების არსებობის შესახებ. მიუხედავად ამისა, კუბლაშვილის თქმით, მოსამართლეებს აქვთ უფლება ამ კუთხით იაქტიურონ. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თქმით, მოსამართლეებს ხელს ვერავინ შეუშლის, რადგან სწორედ მოსამართლეებმა უნდა გადაწყვიტონ ვინ აირჩიონ უმაღლესი საბჭოს წევრებად, იქნებიან ეს ისევ საბჭოს მოქმედი თუ ახალი წევრები. 
"მთავარია, რომ ხელოვნურად არ იყოს შექმნილი ასეთი საინიციატივო ჯგუფები გარე ძალების მხრიდან და გარედან არ შეუწყონ ხელი იმას, რომ თავიანთი ინიციატივით შექმნან მოსამართლეებმა ჯგუფები, ასეთ შემთხვევაში ეს იქნება არა დამოუკიდებელი არჩვენები, არამედ გარე ძალების მხრიდან მართული არჩევნები. ეს უნდა ავიცილოთ თავიდან, დანარჩენი კი - მოსამართლეებს აქტიურების უფლება აქვთ", - აღნიშნა კუბლაშვილმა.

კომენტარები