პრემიერის გამოსვლა

გია ხუხაშვილი: რუსეთთან რიტორიკაში სიფრთხილე აბსოლუტურად გასაგებია

 

ნაციონალურ მოძრაობას არ აქვს უფლება, პრემიერის გამოსვლა გააკრიტიკოს - ამის შესახებ გია ხუხაშვილმა რუსთავი 2-ის ეთერში, გადაცემა პოზიციაში განაცხადა. უმცირესობის წევრის კრიტიკაზე, რომ პრემიერს არ გაუკეთებია მკვეთრი განცხადებები რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის წინააღმდეგ, ხუხაშვილმა თქვა, რომ ჯერ "საკუთარი ქვეყანა გვაქვს დასალაგებელი". მისი აზრით, პრემიერმა ივანიშვილმა ცალსახად განაცხადა, რომ რუსეთს საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებული აქვს. "პუტინი ვინც არის, ეს არავისთვის ახალი არ არის. მისი ადგილი გლობალურ პოლიტიკაში აბსოლუტურად გარკვეულია", - აღნიშნა ხუხაშვილმა.

ხუხაშვილის თქმით, სრულიად ბუნებრივია, რომ პრემიერი, ყოფილი ხელისუფლებისგან განსხვავებით, რუსეთთან მიმართებაში უფრო ფრთხილია. "იყო რიტორიკული ომი, გამწვავება, ესკალაცია და ფაქტობრივად [ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები] ამ პოლიტიკური ჯამბაზობით ცდილობდნენ მოეხდინათ კონსოლიდაცია ევროპული საზოგადოებრივი აზრისა. ამ რიტორიკულ ომში ქვეყნის ინტერესები ნაკლებად იკვეთებოდა, ანუ დავითის პოზაში დგომა მუდმივად ევროტრიბუნიდან. ამ ყველაფერმა არაფერი არ მოგვიტანა. რაც შეეხება რიტორიკაში სიფრთხილეს, ეს აბსოლუტურად გასაგებია. ჩვენ შიგნით უნდა დავალაგოთ ჩვენი სახლი, ჩვენ რაც არ უნდა ვლანძღოთ პუტინი, მისი გინება და კრიტიკა ჩვენთვის არაფრის მომტანი არ არის", - აღნიშნა ხუხაშვილმა.

კომენტარები