საქართველოს პრემიერმინისტრი

ბიძინა ივანიშვილი: მარტივად ვუპასუხე ყველა კითხვას

საქართველოს პრემიერმინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა, ევროსაჭოს საპარლამენტო ასამბლეაში სიტყვით გამოსვლის დასრულების შემდეგ, ქართველ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, დეპუტატების კითხვები მოულოდნელი არ ყოფილა.

"არაფერი ახალი არ ყოფილა, შესაბამისად, პასუხი ჩემთვის მოულოდნელი და მძიმე არ იყო. მარტივად ვუპასუხე ყველა კითხვას", - განაცხადა პრემიერმა. 

მისივე თქმით, ევროსაბჭოს უკანასკნელი დადგენილება, რომელშიც საქართველოს ახალი მთავრობა გაკრიტიკებულია კერძო ტელევიზიის შევიწროებისთვის, წინა ხელისუფლების მიერ ცრუ ინფორმაციის გავრცელების შედეგია. 

"ევროსაბჭომ გამოიტანა დადგენილება, რომ ჩვენ კერძო ტელევიზია იმედი დავაყაჩაღეთ. ვინ მიაწოდა მათ ეს ინფორმაცია? წინა ხელისუფლებამ. სინამდვილეში ყველას ახსოვს რა მოხდა იმედში 2007 წელს, როგორ შეიჭრნენ, როგორ წაართვა სააკაშვილმა ის მფლობელს და როგორ იყენებდა ამას მთავრობა, ვიდრე ჩვენ არ მოვედით. ის დღეს მფლობელს დაუბრუნდა. წინა ხელისუფლებამ მოახერხა ცრუ ინფორმაციის შეტანა ევროსაბჭოში და გამოქვეყნდა ასეთი დადგენილება, რომ კერძო ტელევიზია შევავიწროვეთ. ამ დროს მოხდა პირიქით. ეს არის წინა ხელისუფლების ხელწერა, მაგრამ ამასაც დასასრული მოუვიდა", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს პრეზიდენტმა, მასთან შეხვედრისას განაცხადა, რომ ტელეკომპანია რუსთავი 2 მას ეკუთვნის.

"ჩემთან ვაღიარებინე მე სააკაშვილს შეხვედრაზე, მესამე შეხვედრაზე, აბა, თვალებში შემომხედე-მეთქი, ვისია რუსთავი ორი-თქო, ხო შენია-თქო? კი, ჩემიაო, მითხრა. აბა, საჯაროდ გამოდი და თქვი-მეთქი, მითხრა, რომ იტყოდა საჯაროდ, შეგიძლიათ შეახსენოთ საჯაროდ, სააკაშვილმა უნდა თქვას რომ რუსთავი ორი მას ეკუთვნის", - განაცხადა პრემიერმა.

შეგახსენებთ, დღეს, საქართველოს პრემიერმინისტრი, ბიძინა ივანიშვილი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოვიდა, რის შემდეგაც ევროპარლამენტარების შეკითხვებს უპასუხა. 

კომენტარები