ბიძინა ივანიშვილი

ივანიშვილი მაგნიტსკის სიაზე: არ გვაქვს უფლება, სხვა ქვეყნები ვაკრიტიკოთ

„ჩვენ კიდევ არ გვაქვს იმის უფლება, რომ სხვა სახელმწიფოები ვაკრიტიკოთ, სხვა მაგალითებზე გავაკეთოთ ამ მიმართულებით ჩვენი პოზიცია, რადგან ჩვენს ქვეყანაში ირღვეოდა ტოტალურად ადამიანის უფლებები“, - განაცხადა საქართველოს პრემიერმინისტრმა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე გამოსვლისას, როდესაც მას მაგნიტსკის სიაზე პოზიციის გამოხატვა სთხოვეს.

შეკითხვის დასმისას, ევროსაბჭოს დეპუტატმა ბიძინა ივანიშვილს სთხოვა, დაეფიქსირებინა მისი ოფიციალური პოზიცია, ასევე საქართველოს პოზიცია ისეთ თემებზე, როგორიც არის მაგნიტსკის სია და ტიმოშენკოს საკითხი.

„მე ვიცნობ ამ პრობლემებს, მაგნიტსკის პრობლემაც კარგად ვიცი, ვიცი, რაც ხდება უკრაინაშიც, მაგრამ უფრო კარგად ვიცი, რა ხდებოდა ჩვენს ქვეყანაში და რა ხდება დღესაც. ადამიანის უფლებები ტოტალურად იყო დარღვეული წინა ხელისუფლების პირობებში. ზუსტად ესაა პრობლემა, რომელსაც დღეს ხშირად ვახსენებთ, კოაბიტაციის ან შერჩევითი სამართალის კუთხით. არცერთ შემთხვევაში ეს არ არის სწორი მინიშნება. საქართველოში ტოტალურად იყო დარღვეული ადამიანის უფლებები. თუ გნებავთ, სააკაშვილის ხელისუფლების პირობებში, ამ მხრივ, საქართველოში გაუარესდა მდგომარეობა.

სხვა სახელმწიფოებს რაც შეეხება, თქვენ ახსენეთ რუსეთი თუ უკრაინა, მე შევეცდებოდი, ჩემს საკუთარ სახელმწიფოში დავრჩენილიყავი - ჩვენ კიდევ არ გვაქვს იმის უფლება, რომ სხვა სახელმწიფოები ვაკრიტიკოთ და სხვა მაგალითებზე გავაკეთოთ ამ მიმართულებით ჩვენი პოზიცია, რადგან ჩვენს ქვეყანაში ადამიანის უფლებები ტოტალურად ირღვეოდა. გარწმუნებთ, რომ ახალი ხელისუფლების პირობებში შეძლებისდაგვარად აღვადგენთ სამართლიანობას ამ მიმართულებით და მომავალში, მე პირადად და ჩვენი ხელისუფლება, ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ საქართველო ძალიან სწრაფად დაემსგავსოს ბებერ ევროპას“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

 

კომენტარები